საზოგადოებრივი მაუწყებელი

სასამართლომ საზმაუს მიშველაძისთვის 30 000 ლარის კომპენსაციის გადახდა დააკისრა

პირველი რადიო

თბილისის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი თანამშრომლის ეკა მიშველაძის გათავისუფლება უკანონოდ ცნო და საზოგადოებრივ მაუწყებელს 30 000 ლარის კომპენსაციის გადახდა დააკისრა, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს, რომელიც სასამართლოში მიშველაძის ინტერესებს იცავდა.

მიშველაძე ითხოვდა, სასამართლოს ის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლის თანამდებობაზე აღედგინა, რაც მას სასამართლომ არ დააკმაყოფილა. თუმცა, მიშველაძე ასევე ითხოვდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო  სამსახურში აღდგენაზე უარს ეტყოდა, საზოგადოებრივ მაუწყებელს მისთვის კომპენსაციის სახით თანხა გადაეხადა - ეს მოთხოვნა სასამართლომ დააკმაყოფილა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც მიშველაძეს საზოგადოებრივი მაუწყებლისგან მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 3000 ლარი უნდა გადაეხადა. საიას იურისტი ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყვეტენ, ღირს თუ არა დისკრიმინაციის ნაწილის გასაჩივრება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის იურისტის თქმით, ისინი გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

მიშველაძე საზოგადოებრივი მაუწყებლიდან 2016 წლის თებერვალში გაათავისუფლეს. მას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ არხის მაშინდელმა გენერალურმა დირექტორმა წერილობით შეატყობინა. მიშველაძის გადაცემა "პირველი სტუდია" კი მაუწყებელზე 2015 წელს დაიხურა.

2016 წლის 11 მაისს ეკა მიშველაძე საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერად დაინიშნა.

 

კომენტარები