სამსახურებრივი გულგრილობა

სამსახურებრივ გულგრილობაში დუშეთის გამგებლის ყოფილი წარმომადგენელი ამხილეს

http://dusheti.org.ge/

სამართალდამცველებმა სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი წარმომადგენელი ჟინვალის ადმინისტრაციულ ერთეულში შალვა გ. ამხილეს.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2016 წლის ნოემბერში, აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობის დროს, შალვა გ-მ არაჯეროვნად შეასრულა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება, კერძოდ, მასზე განპიროვნებული სამსახურებრივი ბეჭედი და თაბახის ფურცლებზე შესრულებული ხელმოწერები გადასცა მის თანაშემწეს - მერი მ-ს, რომელმაც 700 ლარის სანაცვლოდ დაამზადა სოფლის მეურნეობის პროდუქტის წარმომავლობის სამი ყალბი ცნობა და გადასცა მოქალაქეს, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. 2016 წლის ნოემბერში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ მერი მ. ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, შალვა გ. პასუხისგებაში მიეცა და მას წარედგინა შესაბამისი ბრალდება.

გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით).

კომენტარები