თავდასხმა ლაშა თორდიაზე

აუდიტის სამსახური: ეს თავდასხმა ორგანიზაციის საქმიანობაზე ზემოქმედების ტოლფასია

გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია
ტაბულა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლები შეშფოთებას გამოთქვამენ ბოლო დღეებში ამ ინსტიტუციის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

"პირველ რიგში გვსურს, სრული თანადგომა გამოვუცხადოთ გენერალურ აუდიტორს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის დამოუკიდებლად და მაღალპროფესიულად განხორციელებაში"- ვკითხულობთ განცხადებაში.

გენერალურ აუდიტორზე თავდასხმა მათ ორგანიზაციისა და მისი თანამშრომლების პროფესიულ საქმიანობაზე ზემოქმედების ტოლფასად მიაჩნიათ.

"ჩვენთვის, უაღრესად შეურაცხმყოფელია უკანასკნელ დღეებში გამოთქმული ბრალდებები აუდიტორული საქმიანობის მიკერძოებულობის შესახებ. გვსურს ვაუწყოთ საზოგადოებას, რომ ჩვენ მიერ მომზადებული თითოეული აუდიტის ანგარიში ეფუძნება აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს" - წერია განცხადებაში.

იმისათვის, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორებს არ გაუჩნდეთ პროფესიულ საქმიანობაში "დაუცველობის განცდა", წერილში თხოვნით მიმართავენ საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს, მხარი დაუჭირონ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის "დამოუკიდებლობის გარანტიების სათანადო დონეზე უზრუნველყოფაში."

გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძეს თავდასხმასა და ცემაში ადანაშაულებს. ინციდენტი 12 მაისს მოხდა. ის მომხდარს აუდიტის სამსახურის საქმიანობას უკავშირებს, კერძოდ კი, 2016 წელს მიწების გადაცემას, სადაც ფარცხალაძე ფიგურირებს. გამოძიება დაწყებულია სსკ 126-ე, ძალადობის მუხლით. თავად ოთარ ფარცხალაძე ამბობს, რომ კონფლიქტის ინიციატორი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ლაშა თორდია იყო. თორდიამ კი ფარცხალაძეს მოუწოდა, ნარკოგამოკვლევა ორივემ ჩაიტარონ, რათა გაირკვეს, ვინ რისი თრობის ქვეშ იყო.

ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიაზე თავდასხმას უარყოფს

 

კომენტარები