აფგან მუხტარლის გატაცება

აზერბაიჯანის გენპროკურატურა: მუხტარლი საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის გამო დავაკავეთ

აფგან მუხთარლი
Azadliq.org

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის პრესმდივნის თქმით, აფგან მუხტარლი სასაზღვრო პოლიციამ 29 მაისს, 22:40-ზე ბელაქანის რაიონში, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის დააკავა.

პრესმდივნის თქმით, მუხტარლიმ დაკავების დროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწია. მისივე თქმით, მუხტარლის თან დიდი ოდენობის თანხაც აღმოაჩნდა.

პროკურატურის ცნობით, გამოძიება გრძელდება.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი აფგან მუხტარლი 29 მაისს გაიტაცეს. ადვოკატის ინფორმაციით, დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, თუმცა, მუხტარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ. როგორც აფგან მუხტარლის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ტომარა ჩამოაცვეს. მუხტარლის თქმით, მესამე მანქანაში აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ჰყვება, რომ, როცა მას ტომარა მოხსნეს, ის აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა. მუხტარლის თქმით, მას 10 ათასი ევრო ჩაუდეს. აზერბაიჯანის ხელისუფლება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებებს უყენებს. აღსანიშნავია, რომ გამოძიება საქართველოშიცაა დაწყებული თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით.

როგორც ცნობილია, საქართველოში ცხოვრების დროს აფგან მუხტარლი და ლეილა მუსტაფაევა აქტიურად წერენ აზერბაიჯანის ხელისუფლებისა და ილჰამ ალიევის ოჯახის ბიზნესინტერესებისა და კორუფციული სქემების, ასევე აზერბაიჯანში პოლიტიკური დევნის პრაქტიკაზე.

კომენტარები