აფგან მუხტარლის გატაცება

ომბუდსმენი მუხტარლიზე: მაქვს განცდა, რომ ამ ქვეყანაში არავინ არის დაცული

უჩა ნანუაშვილი
სახალხო დამცველის აპარატი

საქართველოს სახალხო დამცველი საგანგაშოდ მიიჩნევს საქართველოდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის აფგან მუხტარლის გაუჩინარებას. უჩა ნანუაშვილს განცდა აქვს, რომ ქვეყანაში არავინ არის დაცული და მსგავსი ფაქტი შეიძლება, განმეორდეს.

"ძალიან სამწუხარო და საგანგაშო ფაქტია, როდესაც ქალაქის ცენტრში იკარგება ადამიანი, შემდეგ ვიგებთ, რომ ის უკვე სხვა, მეზობელ სახელმწიფოშია. ასევე ის არის წამების და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი, უნდა დადგეს შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების პასუხისმგებლობის საკითხი. საუბარია პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, თუ არ იქნება გაცემული პასუხი, რამდენად არის ქვეყანაში თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება დაცული.

სამწუხაროდ, ეს ფაქტი მიქმნის განცდას, რომ ამ ქვეყანაში არავინ არის დაცული და მსგავსი ფაქტი შეიძლება, განმეორდეს. მით უმეტეს, როცა საუბარია მეზობელ სახელმწიფოში ადამიანის გადაყვანაზე და ეს არის ყველაზე საგანგაშო. თუ საქართველოს ხელისუფლებამ არ იცოდა ამის შესახებ, ეს საგანგაშოა და თუ იცოდა, ეს კიდევ უფრო უარესი სამწუხარო ფაქტია", - ამბობს ნანუაშვილი.

აფგან მუხტარლის ცოლი ლეილა მუსტაფაევა ფიქრობს, რომ აზერბაიჯანს მუხტარლის გადაცემაში საქართველო დაეხმარა, არ დაიცვა ქვეყნიდან გამოქცეული რეპრესირებული ჟურნალისტი და გასწირა.

სუს-ის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური კი აზერბაიჯანული მხარის განცხადებას იშველიებს და ამბობს, რომ მუხტარლი დააკავეს მწვანე საზღვრის კვეთის დროს და არა გამშვებ პუნქტზე.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი აფგან მუხტარლი 29 მაისს გაიტაცეს. ადვოკატის ინფორმაციით, დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, თუმცა, მუხტარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ. როგორც აფგან მუხტარლის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ტომარა ჩამოაცვეს. მუხტარლის თქმით, მესამე მანქანაში აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ჰყვება, რომ, როცა მას ტომარა მოხსნეს, ის აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა. მუხტარლის თქმით, მას 10 ათასი ევრო ჩაუდეს. აზერბაიჯანის ხელისუფლება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებებს უყენებს. აღსანიშნავია, რომ გამოძიება საქართველოშიცაა დაწყებული თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით.

როგორც ცნობილია, საქართველოში ცხოვრების დროს აფგან მუხტარლი და ლეილა მუსტაფაევა აქტიურად წერენ აზერბაიჯანის ხელისუფლებისა და ილჰამ ალიევის ოჯახის ბიზნესინტერესებისა და კორუფციული სქემების, ასევე აზერბაიჯანში პოლიტიკური დევნის პრაქტიკაზე.

კომენტარები