აფგან მუხტარლის გატაცება

მუხტარლის ცოლი: თუ ქართული მხარე არ მისცემდა უფლებას, აქედან მას ვერ გაიტაცებდნენ

საქართველოდან გატაცებული ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის ცოლმა, ასევე ჟურნალისტმა, ლეილა მუსტაფაევამ კანცელარიასთან გამართულ აქციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ის ფიქრობს, რომ აზერბაიჯანს მუხტარლის გადაცემაში საქართველო დაეხმარა, არ დაიცვა ქვეყნიდან გამოქცეული რეპრესირებული ჟურნალისტი და გასწირა. 

"მუხტარლის თან არანაირი დოკუმენტი არ ჰქონდა. ის გაიტაცეს თბილისის ცენტრიდან, ვფიქრობ, ეს გააკეთეს ქართულ ძალოვან უწყებებთან თანამშრომლობით. ის გაიტაცეს, სცემეს, აწამეს. მანქანა შეცვალეს 3-ჯერ, როდესაც აზერბაიჯანში მიჰყავდათ. ასე უბრალოდ მიაწოდეს აზერბაიჯანის ხელისუფლებას. თუ ქართული სახელმწიფო არ მისცემდა ამის საშუალებას მათ, საქართველოს ტერიტორიაზე ამას ვერავინ იზამდა.

ქართულ სახელმწიფოს ეს არ უნდა გაეკეთებინა, ჩვენ გამოქცეული ვიყავით აზერბაიჯანიდან შევიწროებისა და დევნის გამო. საქართველოს უნდა დაეცვა ის ადამიანი, მაგრამ ასე არ მოიქცნენ. მათ გაწირეს ჟურნალისტის, აზერბაიჯანის სიტყვის თავისუფლება.

აზერბაიჯანში გამომძიებელი ჟურნალისტი ძალიან ცოტაა. ოფიციალურმა პირებმა მუხტარლი, უბრალოდ, გადასცეს აზერბაიჯანელებს, გაწირეს. მოვითხოვ სამართლიან გამოძიებას, ჩვენ ქუჩის კამერით გადაღებული მასალა არ გვინახავს, ის არც კი აჩვენეს ჩვენს ადვოკატს", - ამბობს მუსტაფაევა.

სუს-ის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური კი აზერბაიჯანული მხარის განცხადებას იშველიებს და ამბობს, რომ მუხტარლი დააკავეს მწვანე საზღვრის კვეთის დროს და არა გამშვებ პუნქტზე.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი აფგან მუხტარლი 29 მაისს გაიტაცეს. ადვოკატის ინფორმაციით, დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, თუმცა, მუხტარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ. როგორც აფგან მუხტარლის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ტომარა ჩამოაცვეს. მუხტარლის თქმით, მესამე მანქანაში აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ჰყვება, რომ, როცა მას ტომარა მოხსნეს, ის აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა. მუხტარლის თქმით, მას 10 ათასი ევრო ჩაუდეს. აზერბაიჯანის ხელისუფლება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებებს უყენებს. აღსანიშნავია, რომ გამოძიება საქართველოშიცაა დაწყებული თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით.

როგორც ცნობილია, საქართველოში ცხოვრების დროს აფგან მუხტარლი და ლეილა მუსტაფაევა აქტიურად წერენ აზერბაიჯანის ხელისუფლებისა და ილჰამ ალიევის ოჯახის ბიზნესინტერესებისა და კორუფციული სქემების, ასევე აზერბაიჯანში პოლიტიკური დევნის პრაქტიკაზე.

კომენტარები