ჯორჯიან მანგანეზი

მანგანუმი ერთ-ერთ საბადოს დახურავს - სპეც. მმართველმა 14-პუნქტიანი გეგმა წარადგინა

Reuters

"ჯორჯიან მანგანეზი" დახურავს ჭიათურაში აკაკი წერეთლის სახელობის მაღარო "საშევარდნოს" კარიერს - ამის შესახებ კომპანიის საგანგებო მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა გარემოს დაცვის სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ჩიქოვანის თქმით, აღნიშნულ საბადოზე ოპერირება გარემოს გამოუსწორებელ ზიანს აყენებს. ჩიქოვანმა ასევე წარადგინა 14-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ჭიათურაში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

გარემოს დაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგს ესწრებოდა "ჯორჯიან მანგანეზის" მფლობელი ამერიკული კომპანია Georgian American Alloys-ის ერთ-ერთი აქციონერი ურიელ ლაბირი. ქვეყანაში სპეციალური ვიზიტით იმყოფებიან  Georgian American Alloys-ის სხვა აქციონერებიც. ლაბერის თქმით, კომპანია გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებით სამინისტროს პოზიციას ეთანხმება, თუმცა კომპანია კატეგორიულად მიუღებლად თვლის მანგანუმში სპეციალური მმართველის დანიშვნას. ლაბერის თქმით, მანგანეზში ნიკოლოზ ჩიქოვანის დანიშვნის გადაწყვეტილება სააპელაციოშია გასაჩივრებული. მნიშვნელოვანია, რომ სამოქმედო გეგმის წარდგენა ჯერ კიდევ გუშინ იგეგმებოდა, თუმცა 13 ივნისს, 16:00-ზე დაგეგმილი პრესკონფერენცია გაურკვეველი მიზეზების გამო ჩაიშალა

გარემოს დაცვის სამინისტრომ 11 მაისს ჯორჯიან მანგანეზში ნიადაგების დაბინძურების მოტივით სპეციალური მმართველი დანიშნა. სასამართლომ გადააყენა კომპანიის დირექტორი ვოლოდიმირ ლოზინსკი და მის ნაცვლად დირექტორად დანიშნა ნიკოლოზ ჩიქოვანი. ჩიქოვანი ქარხანას მასში ამერიკული მენეჯმენტის შესვლამდე ხელმძღვანელობდა. საგანგებო მმართველი სასამართლომ 3 წლის ვადით, 2020 წლის 11 მაისამდე დანიშნა.

"ჯორჯიან მანგანეზის" მფლობელი ამერიკული კომპანია "Georgian American Alloys"-ის შეფასებით, მთავრობა ამ გადაწყვეტილებით ქარხნის ექსპროპრეაციას გეგმავს. კომპანიამ განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც ნათვამია, რომ სპეციალური მმართველის დანიშვნამ ქარხნის პარალიზება გამოიწვია.

დღეს გამართულ ბრიფინგზე ჩიქოვანის მიერ წარდგენილი სამოქმედო გეგმა 2017-2020 წლებისთვის ასე გამოიყურება:

  • დაიწყო და პერმანენტულად გაგრძლდება მადნის ტრანსპორტირება ძარაგადახურული ტრანსპორტით;
  • დაიწყებს ფუნქციონირებას საწარმოს ლაბორატორია და აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით;
  • განხორციელდება გარემოსდაცვითი მონიტორინგი - ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების ემისიების, ზედაპირულ წყლებში მანგანუმის შემცველობის კონტროლისა და ნიადაგის დაბინძურებისგან დაცვა/პრევენციის კუთხით; 
  • მომზადდება და სამინისტროსთან  შეთანხმდება ნარჩენების მართვისა და შესაბამისი კარიერების რეკულტივაციის/რემედიაციის ეტაპობრივი გეგმა-პროექტები,  მათ შორის, ,,საშევარდნოს“ კარიერისთვის;
  • მომზადდება და სამინისტროსთან  შეთანხმდება ტყის საკომპენსაციო ღონისძიებები.
  • 2017 წელს შემუშავებული პროექტის მიხედვით, დაიწყება სამშენებლო სამუშაოები, სანაყაროდან მდ. ყვირილაში დასაწყობებული შუალედური პროდუქტის მოხვედრის აღკვეთის მიზნით, სანაყაროს პერიმეტრზე წყალამრიდი არხებისა და მდ. ყვირილას მხრიდან დამცავი კედლის მოწყობის მიზნით;
  • დაიწყება მადნის ახალი გამამდიდრებელი ქარხნის მშენებლობა და მისი ექსპლუატაციაში გაშვება, ხოლო მანამდე მოხდება შლამებისა და მყარი ნარჩენების საბოლოო განსათავსებლად რამდენიმე ალტერნატიული ტერიტორიის შერჩევა და შეთანხმება სამინისტროსთან, როგორც ეს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობით არის მოთხოვნილი;
  • უნებართვო ობიექტისთვის, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ქ. ზესტაფონში, ფეროშენადნობთა ქარხნის ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშისა და გარემოზე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკი მომზადდება და შეთანხმდება  სამინისტროსთან. 
  • გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შუამდგომლობითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017  წლის 11 მაისის განჩინებით შპს ,,ჯორჯიან მანგანეზში“, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისა და გარემოზე ზემოქმედების ნებართვის პირობების იძულებით შესრულების უზრუნველყოფის მიზნით შეყვანილ იქნა სპეციალური მმართველი.

კომენტარები