ოთარ კახიძე

აქციაზე იარაღით მისვლის გამო, ოთარ კახიძე გამოკითხვაზე დაიბარეს

parliament.ge

ევროპული საქართველოს წევრი ოთარ კახიძე 23 ივლისის აქციაზე იარაღით მისვლის გამო, გამოკითხვაზე დაიბარეს. დეპუტატი პოლიციის განყოფილებაში 15:00 საათზე უნდა გამოცხადდეს. 

პარლამენტის დეპუტატი აქციაზე "არა ფაშიზმს" იარაღით იყო. კახიძე ამბობს, რომ მას იარაღის ტარების უფლება აქვს და მას ატარებს აუცილებელი მოგერიების ფარგლებში თავდაცვის მიზნით. თუმცა, დეპუტატი აღნიშნავს, რომ "ჩემი შეცდომაა, უნდა დამეტოვებინა იარაღი, განვმარტავ, რომ ეს არ იყო უკანონო იარაღი".

შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ: იქონიონ ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება ან ცივი იარაღი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული სამართალწარმოება 174-ე პრიმა მუხლისა და 239-ე მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე დაიწყო.

მუხლი 174 (1) 

1. შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორის მიერ, – გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.

239-ე მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით კი, 174-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოები.

ოთარ კახიძის გამოკითხვის შემდეგ, პოლიცია შეადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს, რომელსაც სასამართლოში წარადგენს. სწორედ სასამართლო გადაწყვეტს, რა სანქციას დააკისრებს დეპუტატს. 

კომენტარები