ოთარ კახიძე

კახიძე: დროებითი პოლიტიკური ალიანსი არ ნიშნავს ევროპული საქართველოს და ენმ-ს გაერთიანებას

parliament.ge

პარტია "ევროპული საქართველო"-ს წევრი ოთარ კახიძე საკუთარ Facebook-ზე საპრეზიდენტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერის შესახებ წერს:

"ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობა არიან დიდი პოლიტიკური გაერთიანების, EPP-ის წევრები.

საპრეზიდენტო არჩევნებამდე, EPP-ის პრეზიდენტის შეუამავლობით, ჩვენ გავაფორმეთ მემორანდუმი და დავდეთ პირობა, რომ მეორე ტურში ხელისუფლების წინააღმდეგ მხარს დავუჭერდით ერთმანეთის კანდიდატებს.

ჩვენ ეს პირობა შევასრულეთ პირნათლად და ევროპული საქართველო მხარს უჭერს გრიგოლ ვაშაძეს.

დროებითი პოლიტიკური ალიანსი არ ნიშნავს ორი პარტიის - ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის გაერთიანებას.

მე დღესაც, ისევე, როგორც გაყოფამდე, მივიჩნევ, რომ:

1. პარლამენტში ივანიშვილთან დაპირისპირება არ არის მასთან გარიგება.

პოლიტიკურ ბრძოლაში უნდა გამოიყენო ბრძოლის ყველა ლეგიტიმური საშუალება და ტრიბუნა, მათ შორის, პირველ რიგში პარლამენტი;

2. არჩევნებს აქვს აზრი.

ხელისუფლება უნდა შეცვალო არჩევნებით, უნდა იბრძოლო, როგორც პირველ, ისე მეორე ტურში, არჩევნებისადმი უიმედობა და პესიმიზმი არ უნდა დათესო.

3. შეცდომებს თვალი უნდა გავუსწოროთ.

ხელისუფლების თავმოყრა ერთი პარტიის ხელში, საპარლამენტო და სასამართლო კონტროლის არარსებობა, ზედმეტად მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა და საგადასახადო ადმინისტრირება, დახურული სისტემების - სასჯელაღსრულების, უსაფრთხოების სამსახურების სრული უკონტროლობა და ა.შ. იყო უმძიმესი შეცდომები და ამ ყველაფრის შედეგად მოქალაქე სახელმწიფოს წინაშე თავს გრძნობდა უსუსურად.

ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ, რომ მომავალში იგივე შეცდომები არ განმეორდეს.

4. არ არსებობს უპირობო ლიდერი.

იმისგან, ვინც თვლის, რომ პიროვნება თვითონ არის იდეა, მასშია განსხეულებული რაღაც თანამდებობა, იგი არის უპირობო ბელადი, მის გარეშე კრებსითი თანამოაზრეები არიან ნულები - ვეჭვობ, რაიმე სასიკეთო მიიღოს ჩვენმა საზოგადოებამ.

ეს გაყოფამდე წამოჭრილი განსხვავებებია. ალბათ ხვდებით, რომ ბევრ რამეში მართლები "აღმოვჩნდით".

რაც შეეხება დღეს არსებულ ვითარებას. ზემოთჩამოთვლილ განსხვავებებს, დაემატა ახალი წყალგამყოფები, მათ შორის:

- გაუანგარიშებელი ეკონომიკური პროგრამა,

- ქსენოფობიური რიტორიკა,

- რელიგიური პოპულიზმი,

- მარქსისტულ-კლასობრივი მოწოდებები.

------------------------------------------------

ამ ყველაფრის მიუხედავად, ევროპული საქართველო, პირობისამებრ, მხარს უჭერს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს - გრიგოლ ვაშაძეს და მე პირადად გავაკეთებ ყველაფერს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში არ გაიმარჯვოს - პუტინის, კოსაჩოვის, ბედუკაძის, წითელაშვილის, ძასოხოვის და ჩემი ქვეყნის ყველა დეკლარირებული მტრის კანდიდატმა - სალომე ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება ჩვენსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის არსებულ განსხვავებებს, ამაზე უფრო დეტალურად მეორე ტურის შემდეგ ვისაუბროთ.

ახლა მაგის დრო არ არის - ივანიშვილის კანდიდატია დასამარცხებელი.

#არასალომეზურაბიშვილს" -წერს კახიძე.

კომენტარები