კახა კალაძე

კახა კალაძე გასულ წელს 1.6 მილიონი ლარით გამდიდრდა

facebook.com/kakhakaladzeofficial

კახა კალაძე 2016 წლის განმავლობაში 1.58 მილიონი ლარით გამდიდრდა, ამის შესახებ მერობის კანდიდატის ქონებრივი დეკლარაციიდან (PDF დოკუმენტი) ირკვევა. დოკუმენტის მიხედვით, ქართული ოცნების გენერალური მდივნის აქტივების ღირებულება 33.7 მილიონ ლარს აღემატება.

დეკლარაციის მიხედვით, კალაძემ 2016 წელს შემოსავლების სახით 4.2 მილიონი ლარი მიიღო. ამ თანხის უდიდესი ნაწილი მისი კუთვნილი კომპანიების მიერ გაცემულ დივიდენდებზე მოდის. 58-ათას ლარიანი მინისტრის ხელფასი კი კალაძის შემოსავლების მხოლოდ 1% იყო. დეკლარაციის მიხედვით, კალაძემ 2016 წელს 2.6 მილიონი ლარი დახარჯა, ამ თანხის უდიდესი ნაწილი მან სესხების მომსახურებაში გადაიხადა. დოკუმენტის მიხედვით ქველმოქმედებისთვის კალაძემ 350 ათასი ლარი გაიღო. საერთო ჯამში 2016 წელს კალაძის შემოსავლები მის ხარჯებს 1.6 მილიონი ლარით აღემატებოდა. 

სახლები, ავტომობილები და ნახატები 8.34 მილიონი ლარი

ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული მონაცემებით კახა კალაძის სახელზე გაფორმებულია საქართველოსა და უკრაინაში მდებარე უძრავი ქონება. აღნიშნულ ქონებაში კალაძემ საერთო 5.2 მილიონი ლარი გადაიხადა.

კალაძეს დეკლარაციაში მითითებული აქვს 2.3 მილიონი ლარის ღირებულების ავტომობილები, მაგალითად, $135-ათასიანი Bnetley Continental-ი, €140-ათასიანი Mercedes G63, ასევე €360-ათასიანი ფერარი და სხვა. დეკლარაციაში კალაძეს მითითებული აქვს ჯამში 208 ათასი ლარის ღირებულების სამი მოტოციკლი. კალაძე ფლობს ლადო გუდიაშვილისა და ელენე ახვლედიანის ნახატებს, რომლებშიც მან 590 ათასი ლარი გადაიხადა. საერთო ჯამში კალაძის კუთვნილი ავტომობილების/მოტოციკლების, უძრავი ქონებისა და ნახატების ღირებულებაა 8.34 მილიონი ლარი.

კალაძის დეპოზიტები ბანკებში 23.1 მილიონი ლარი

კალაძეს საქართველოსა და უცხოეთის კომერციულ ბანკებში განთავსებული აქვს საერთო ჯამში 23.1 მილიონი ლარის დანაზოგები. აქედან ყველაზე დიდი თანხა €900 ათსი ევრო და $3.6 მილიონი დოლარი კალაძეს შენახული აქვს იტალიურ ბანკ Intesa Sanpaolo-ში. შვეიცარიულ ბანკ Julius Baer-ში კი კალაძის დეპოზიტი €3.9 მილიონი ევროა. დეკლარაციის მიხედვით, კალაძე ნაღდი ფულის სახით სახლში $20 ათასს ინახავს. 

კალაძის კომპანიები და ამ კომპანიებიდან მიღებული დივიდენდები

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, კახა კალაძე ფლობს 3 კომპანიის 100%-იან წილს, 1 კომპანიაში 33%-იან წილს და 1 კომპანიაში 50%-იან წილს. დეკლარაციის მიხედვით, ყველაზე დიდი, 2.3 მილიონიანი კაპიტალი აქედან შპს "კოლხეთს" აქვს. დეკლარაციაში მითითებულია კვიპროსში რეგისტრირებული კომპანია "kala capital limited", რომლის დეკლარირებული კაპიტალიც €2.1 ათასი ევროა. კალაძეს დეკლარაციაში მითითებული აქვს კომპანია "კალა კაპიტალიც" თუმცა არ აქვს მითითებული ამ კომპანიის კაპიტალის მოცულობა. კალაძე ფლობს 33%-იან წილს უკრაინაში რეგისტრირებულ კომპანია "ЮКА"-ში, ამ კომპანიიდან გასულ წელს მან $480 ათასი დოლარის სარგებელი მიიღო, კალაძე ასევე ფლობს უკრაინული კომპანია "ნესტ გრუპის" 50%-იან წილს, საიდანაც მან გასულ წელს დივიდენდის სახით €250 ათასი მიიღო. საერთო ჯამში კალაძემ გასულ წელს კომპანიებიდან დივიდენდის სახით 2 მილიონი ლარი მიიღო. 

კალაძის შემოსავლები 2016 წელს 4.2 მილიონი ლარი იყო

აღნიშნულ შემოსავლებში შედის: მინისტრის ხელფასი, ავტომობილისა და ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა და საკუთარ კომპანიებზე წარსულში გაცემული სესხიდან მიღებული სარგებელი. 

  • მინისტრის ხელფასი - 58.5 ათასი ლარი
  • დივიდენდნები კომპანია ნესტ გრპიდან და კომპანია "ЮКА" - დან - 2 080 500 ლარი
  • შემოსავალი კომპანია სს "კალა დეველოპმენტზე" გაცემული სესხიდან - 1 328 162 ლარი
  • შემოსავალი კომპანია სს "კალა დეველოპმენტზე" გაცემული სესხიდან - 12 129 ლარი
  • შემოსავალი კომპანია სს "კალა დეველოპმენტზე" გაცემული სესხიდან - 13 733 ლარი
  • შემოსავალი შპს "არქი ნუცუბიძეზე" არსებული უძრავი ქონების გაყიდვიდან - 38 000 ლარი
  • შემოსავალი mercedes benz S63 coupe-ის გაყიდვიდან - €130 000, ანუ 370 000 ლარი.
  • საერთო ჯამში შემოსავლები - 4 243 596 ლარი

კალაძის გასავალი 2016 წელს 2.6 მილიონი ლარი იყო

კალაძის მიერ 2016 წელს გაღებულ ხარჯებში შედის, კომერციულ ბანკებში სესხის გადახდა, საკრედიტო ბარათით მომსახურების საფასური და ასევე ქველმოქმედებისთვის გაღებული თანხა.

  • გასავალი სესხზე ქართუ ბანკში - $272 041, ანუ 655 618 ლარი
  • გასავალი სესხზე ქართუ ბანკში - $16 931, ანუ 40 803 ლარი
  • თავდებობის ხელშეკრულება, შპს ,"კოლხეთის" ვალდებულების უზრუნველაყოფად, ბანკი ქართუ, გასავალი - $71 126, ანუ 171 413 ლარი
  • გასავალი სესხზე თიბისი ბანკში - $60 290, ანუ 145 298 ლარი
  • გასავალი სესხზე საქართველოს ბანკში - $181 143, ანუ 436 554 ლარი
  • გასავალი საკრედიტო ბარათით მომსახურებაზე - €193 642, ანუ 551 879 ლარი
  • გასავალი საკრედიტო ბარათით მომსახურებაზე ქართუ ბანკი - €106 053, ანუ 302 251 ლარი
  • სესხის ოვერდრაფტი ქართუ ბანკში - €47, ანუ 133.95 ლარი
  • გასავალი ქველმოქმედებაზე (მითითებული არაა რა სახის) - 300 000 ლარი
  • გასავალი შემოწირულობაზე (მითითებული არაა რა სახის) 50 000 ლარი
  • საერთო ჯამში გასავალი - 2 653 954 ლარი

სხვაობა გასავალსა და შემოსავლებს შორის +1 589 631 ლარი

შენიშვნა: გაანგარიშებაში გამოყენებულია უცხოური ვალუტის კურსები 29 აგვისტოს მდგომარეობით, დოლარის ღირებულება 2.41 ლარი, ევროს ღირებულება 2.85 ლარი. ამავდროულად, ქონებრივ დეკლარაციაში კანონმდებლობის მიხედვით ასახულია ის ხარჯები და შემოსავლები, რომლებიც 3 000 ლარს აღემატება. შესაბამისად უცნობია რეალურად რა იყო კალაძის შემოსავლები და ხარჯები 2016 წელს. მასალა ასახავს მხოლოდ იმ სურათს, რაც მის ქონებრივ დეკლარაციაშია წარმოდგენილი.

კომენტარები