დავით საყვარელიძე

საყვარელიძე სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა, გამოძიება გრძელდება

primetimenews.ge

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელი, დავით საყვარელიძე სასამართლომ აღკვეთის ღონისძების გარეშე დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ თავად საყვარელიძე, ფეისბუქზე ავრცელებს. საქმეს უკრაინაში გალიცკის რაიონული სასამართლო განიხილავდა.

გამოძიება უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილესა და უკრაინის პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ წევრს საზღვრის უკანონოდ ჯგუფურად გადაკვეთის ორგანიზებას ედავება.

საქმეზე გამოძიება გრძელდება. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, საყვარელიძეს 18 სექტემბერს პროკურატურაში დაკითხავენ.

"დამტოვა აღკვეთის ღონისძიების გარეშე, ვინაიდან, მოსამართლე მიხვდა რამდენად აბსურდული საქმეა, რომ არც რეციდივისტი ვარ და არც პირველად და არც უკანასკნელად ვარ სასამართლოში და არც ვაპირებ, რომ რამე კანონი დავარღვიო. პირიქით, ვიბრძვით უკრაინისთვის. ნამდვილად სამართლიანი გადაწყვეტილება იყო, მექნება თავისუფლად გადაადგილების უფლება და გავაგრძელებ ბრძოლას, რაც ყველაზე მთავარია. ჩემთვის ახლა რაიმე შეზღუდვა და გადაადგილების გამომძიებლებთან და პროკურორებთან შეთანხმება პოლიტიკური აქტიურობის ფაქტიურად განახევრებას ნიშნავს", - უთხრა საყვარელიძემ რუსთავი 2-ს.

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის საქმე 10 სექტემბერს, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვარზე გადასვლას ეხება. უკრაინული მედიის ცნობით, გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 3 მუხლით არის დაწყებული: საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ჯგუფური არეულობის მოწყობისა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით.

კომენტარები