სპეცრაზმი

კანცელარია: სპეცრაზმი წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არის მობილიზებული

სახელმწიფო კანცელარიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კანცელარიის ეზოში სპეცრაზმი საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით არის მობილიზებული. მათივე ინფორმაციით, სამართალდამცავები სხვა ანალოგიური შემთხვევების მსგავსად მოქმედებენ კანონის შესაბამისად. თუმცა რა ანალოგიურ შემთხვევებზეა საუბარი კანცელარიაში არ აკონკრეტებენ. უწყებაში არც იმაზე აქვთ პასუხი, უკავშირდება თუ არა სპეცრაზმის მობილიზება დღეს 18:00 საათზე ევროპული საქართველოს მიერ დაგეგმილ აქციას. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები მობილიზებულნი არიან საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები, სხვა ანალოგიური შემთხვევების მსგავსად, მოქმედებენ კანონის შესაბამისად და დღევანდელი შემთხვევა რაიმე სახის გამონაკლისს არ წარმოადგენს." - განუცხადეს ტაბულას მთავრობის ადმინისტრაციაში.  

სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან სპეცრაზმის წარმომადგენლები 9 ავტობუსით, არიან მობილიზებული. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ თემასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. 

დღეს 18:00 საათზე ევროპული საქართველოს ლიდერები და თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია პუშკის სკვერში საპროტესტო აქცია გამართავენ.

კომენტარები