საქართველოს პარლამენტი

თალაკვაძე "ევროპულ საქართველოს": თქვენი ლიდერი პოლიციას ქოლგას უქნევდა

პარლამენტი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის თქმით, თბილისის საკრებულოს სხდომა იმიტომ დაიხურა, რომ ოპოზიციამ მისი ჩაშლა დააანონსა. მან ბიუროს სხდომაზე ევროპული საქართველოს დეპუტატებს გიგა ბოკერიას და ელენე ხოშტარიას მიმართა, რომ მათი ლიდერი პოლიციელებს "ქოლგას უქნევდა". საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატებმა უმრავლესობის ლიდერს შეახსენეს, რომ ენმ-ის წევრი გიორგი ბარამიძე, რომელმაც პოლიციელებს ქოლგა ჩაარტყა, მათი თანაგუნდელი აღარ არის.

"ინფრასტრუქტურა დაანგრიეთ, პოლიციელებს თქვენი ლიდერი უქნევდა ქოლგას, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი. გიორგი ბარამიძე თქვენი თანაგუნდელი არ იყო?" - ჰკითხა თალაკვაძემ უმცირესობის წევრებს.

"იყო, რას ნიშნავს? ეგრე, თქვენი მინისტრების ნახევარი ჩვენს ხელისუფლებაში იყო" - უპასუხა გიგა ბოკერიამ უმრავლესობის ლიდერს.

"თქვენ დააანონსეთ, რომ ჩაშლიდით სხდომას და საკრებულომ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. ესაა მთელი ამბავი და ვერ შეცვლით" - განაცხადა თალაკვაძემ.

ასევე, მან ელენე ხოშტარიას მიმართა, რომ "თქვენ გადახვედით ბარიერებს და თავზე ახტებოდით ხალხს". აღსანიშნავია, რომ დღევანდელ აქციაზე ჯებირზე ასვლით საკრებულოს შენობაში შესვლა ენმ-ის წევრმა თინა ბოკუჩავამ სცადა.

"მე ვახტებოდი? ჩართე ტელევიზორი მართლა, მე მგონი, გერევათ რაღაცაში" - უთხრა ხოშტარიამ თალაკვაძეს, რის შემდეგაც, უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, რომ "თქვენი თანაგუნდელი იყო".

ცნობისთვის, საკრებულოს დღევანდელი სხდომა გიორგი ალიბეგაშვილის გადაწყვეტილებით, დაიხურა. მასზე დასწრების უფლება მხოლოდ საკრებულოს წევრებს, თანამშრომლებს და მედიას ჰქონდა. პარლამენტის დეპუტატებს შენობაში შესვლის უფლება არ მისცეს. ამის გამო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და სამართალდამცველებს შორის რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება. 

ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების შეფასებით, თბილისის საკრებულოს დღევანდელი სხდომის დახურვა მიღებულ გადაწყვეტილებებს ლეგიტიმურობას უკარგავს. საკრებულომ, ოპოზიციის პროტესტის ფონზე, მხარი დაუჭირა მიწების გადაცემაზე ბიძინა ივანიშვილის კომპანიის მოთხოვნებს. 

კომენტარები