ემირ კუსტურიცა

ემირ კუსტურიცა ოკუპირებული აფხაზეთის კეთილი ნების ელჩი გახდა

sputnik abkhazia

სერბი კინორეჟისორი და მუსიკოსი ემირ კუსტურიცა ოკუპირებული აფხაზეთის კეთილი ნების ელჩი გახდა. Sputnik Abkhazia-ს ცნობით, მას მოსკოვში შესაბამისი სერტიფიკატი და მედალი გაუგზავნეს. გამოცემა ამბობს, რომ კუსტურიცამ მხარი დაუჭირა საქველმოქმედო ინიციატივას, რომელიც მიზნად აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით საზოგადოების ყურადღების მობილიზებას ისახავს. კონკრეტულად, საქმე აფხაზეთის ტერიტორიაზე უძველესი ქრისტიანული ეკლესიების განადგურებას ეხება. 

"მე, როგორც გაეროს კეთილი ნების ელჩი, მხარს ვუჭერ აფხაზეთის კეთილი ნების ელჩებს. აფხაზეთში არსებული უძველესი ქრისტიანული ტაძრები უნდა შენარჩუნდეს და მომავალმა თაობამ ისინი უნდა იხილოს", - თქვა კუსტურიცამ.

რამდენიმე კვირის წინ ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედმა საქველმოქმედო მოძრაობამ „აფხაზეთის კეთილი ნების ელჩები“ უძველეს ქრისტიანულ ტაძრებთან დაკავშირებით გაერო-ს და იუნესკო-ს მიმართა. მოძრაობის წევრებმა ვიდეო გაავრცელეს და იმედი გამოთქვეს, რომ ეს ორგანიზაციები აფხაზეთის უნიკალური ტაძრების შენარჩუნების პრობლემას ყურადღებას მიაქცევენ. მათივე თქმით, „აფხაზეთი კავკასიაში ქრისტიანობის აკვანია, ხოლო მისი ტაძრები საქართველოს გამანადგურებელი პოლიტიკის შედეგად სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა“. 

აღსანიშნავია, რომ მოძრაობის წევრები ტაძრების დანგრევაში ქართულ მხარეს ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ "1992-1993 წლებში ქართულ-აფხაზური ომის დროს საქართველოს სახელმწიფო საბჭოს ჯარები აფხაზური კულტურული ძეგლებს ანადგურებდნენ, გაჰქონდათ აფხაზი ხალხის უნიკალური რელიკვიები და არტეფაქტები, უმოწყალოდ ბომბავდნენ ქრისტიანულ ტაძრებსა და სიწმინდეებს”. 

კუსტურიცა ოკუპირებულ ცხინვალში და გაუქმებული კონცერტი
 

ემირ კუსტურიცა აფხაზეთის გარდა, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთანაც მეგობრობს. ის ე.წ სამხრეთ ოსეთში 2009 წელსაც იმყოფებოდა. სეპარატისტული რეგიონის მედიის ცნობით, ის 2008 წლის აგვისტოს ომზე ფილმის გადაღებას გეგმავდა და მასალებს აგროვებდა. 

2017 წლის 8 დეკემბერს თბილისში ემირ კუსტურიცას კონცერტი იყო დაგეგმილი, თუმცა ის გადაიდო. ორგანიზატორის თქმით, მან არ იცოდა, რომ კუსტურიცას საქართველოში ჩამოყვანა კანონმდებლობას ეწინააღმდეგებოდა. 

საქართველოს “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ:

  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან;
  • ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) – გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან. 

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყველა სხვა საშუალებით შესვლა აკრძალულია და სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება. 

თუმცა, შსს-მ საქართველოში მაისში, მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის ვიზიტისას განმარტა, ოკუპაციის კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ხანდაზმულობის ვადა 6 წელია. კუსტურიცა კი ცხინვალში 8 წლის წინ იყო.

კომენტარები