სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება

სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის ინსპექტორ-გამომძიებლები დააკავეს

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები ი.დ. და  ბ.ბ. დააკავეს. პროკურატურის ცნობით, შსს-ს თანამშრომლები სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან თანამშრომლობით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე აიყვანეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 12 ნოემბერს, საღამოს საათებში, რ.ღ. მეგობრებთან ერთად რუსთავში მაიაკოვსკის ქუჩაზე არსებული ერთ-ერთი მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, რა დროსაც მათთან მივიდნენ შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქ.რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები ი.დ. და  ბ.ბ. და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.

საუბრისას, რ.ღ.-ს მიერ მოთხოვნილ განმარტებას, თუ რა მიზეზით უნდა დაეტოვებინა ტერიტორია, პოლიციელების მხრიდან მოჰყვა გაღიზიანება, რა დროსაც მათ ამ უკანასკნელს მიაყენეს სიტყვიერი  შეურაცხყოფა და მოსთხოვეს პოლიციის განყოფილებაში გაყოლა.

შეშინებული რ.ღ. გაიქცა. მას პოლიციელები დაედევნენ, რა დროსაც პოლიციის თანამშრომელმა ბ.ბ.-მ სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ გაისროლა, შემდეგ კი, მათ წაქცეულ რ.ღ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს" - აცხადებს პროკურატურა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც თავისუფლების აღკვეთას  ხუთიდან რვა წლამდე, ასევე თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევას სამ წლამდე ვადით ითვალისწინებს.

კომენტარები