უბედური შემთხვევა

ტყიბულის შახტაში ჭერი ჩამოინგრა - დაიღუპა 6 და დაშავდა 3 ადამიანი

RFE/RL

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში უბედური შემთხვევა მოხდა. შსს ადასტურებს, რომ დაიღუპა ექვსი და დაშავდა სამი ადამიანი.

"გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.

ჩამონგრევის დროს, ამავე შახტაში მყოფმა სამთო ოსტატმა - 1963 წელს დაბადებულმა გ. ნ.-მ, სამთო მუშებმა: 1981 წელს დაბადებულმა ი. კ.-მ და 1963 წელს დაბადებულმა მ. ა.-მ ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს. ისინი ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

შემთხვევის შედეგად, სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს ამავე შახტის მიწისქვეშა სამთო ოსტატმა: 1972 წელს დაბადებულმა მ. ქ.-მ, ოსტატ-ამფეთქებელმა - 1968 წელს დაბადებულმა ბ. გ.-მ, სამთო მუშებმა - 1992 წელს დაბადებულმა პ. გ.-მ, 1959 წელს დაბადებულმა გ. რ.-მ, 1990 წელს დაბადებულმა გ.ბ.-მ და 1966 წელს დაბადებულმა ე.ბ-მ. ყველა მათგანი, მიღებული დაზიანებების შედეგად, გარდაიცვალა ამ დროისთვის, მიმდინარეობს შემთხვევის ადგილზე მყოფი მუშების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა" - აცხადებს შსს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების ცნობით, საწარმოო შემთხვევა მინდელის მაღაროში, დილის 04:00 საათზე მოხდა. 

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების სამსახურის წარმომადგენლები ტყიბულში უკვე გაემგზავრნენ.

კომენტარები