საგამოძიებო კომისია

ბოკერია: ვისაც უკვე "შეტენილი" აქვს მკვლელობა, მეორეც მივაწებოთ - საქმე ასეთ ისტორიად დარჩება

ერთის მხრივ გაქვთ შემთხვევა, როდესაც დანაშაულის იარაღზე არ ამოვიდა ბრალდებულის სისხლის კვალი, ფარულ ჩანაწერში არ დასტურდება არანაირად, რომ ის ფიზიკურ შეხებაში შევიდა გარდაცვლილ სარალიძესთან, არცერთი ჩვენება არ არსებობს ერთის გარდა, რომელიც არის მ.კ, რომელსაც ბევრჯერ აქვს ჩვენება გადათქმული და დანაშაულის დაფარვაშია ბრალდებული და თვითონ პოტენციური ბრალდებული უნდა ყოფილიყო. ერთის მხრივ გაქვთ ეს ყველაფერი და ამის მიუხედავად, მაინც აგრძელებთ პირველ ინსტანციაში არამარტო საქმის წარმართვას, არამედ აპელაციაში აპირებთ ბრძოლის გაგრძელებას და თვლით რომ ეს სწორია და შემთხვევით, ეს ადამიანი ვისაც ბრალს უყენებთ არის ის, ვისაც უკვე „შეტენილი“ აქვს სხვა მკვლელობა. აქ ასეთი ჯიუტები ხართ, კარგი გაგებით პროკურორისთვის, ხოლო მეორე შემთხვევაში, სადაც არის უამრავი ჩვენება, თვითონ ამ პირის ჩვენება, ფარული ჩანაწერი, მათ შორის გ.ბ-სი, რომელსაც თქვენ ეყრდნობით სხვა საქმეში, რომელშიც აღწერთ, რომ ფიზიკურ შეხებაშია ბრალდებულთან, არ არის საკმარისი ბრალის წასაყენებლად, - აი ამ კონტრასტზე ვსაუბრობდი და როცა გეკითხებოდით დასაწყისში გაგიგიათ თუ არა როდესმე ძველ შავბნელ წარსულში, ან საბჭოთა პერიოდში ან იქამდე ესეთი მცდელობები საგამოძიებო ორგანოების, კინოებში მაინც ხო გინახავთ სხვა ცუდ ქვეყნებში, რომ ინსტიქტი არსებობს, ამ კაცს უკვე შეტენილი აქვს ერთი მკვლელობა და მოდი მეორეც მივაწებოთ. მე მინდა გითხრათ, რომ ეს თქვენი კითხვა-პასუხი, ეს საქმე ზუსტად ასეთ ისტორიად დარჩება ნებსიმიერი საღი აზრის მქონე საზოგადოებისთვის.

ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზე გაირკვა, რომ ფარულ ჩანაწერში, სადაც არასრულწლოვანი გ.ბ ლევან დადუნაშვილის მკვლელობას აღიარებს, ის ასევე ამბობს, რომ მეორე მოკლულ დავით სარალიძესთან ფიზიკური კონტაქტი არ ჰქონია. სხდომაზე ასევე გახდა ცნობილი, რომ გ.ბ-ს დანაზე მხოლოდ დადუნაშვილის დნმ აღმოჩნდა და მასზე სარალიძის დნმ არ ყოფილა. აღსანიშნავია, რომ გ.ბ-ს პროკურატურა დავით სარალიძის მკვლელობასაც ედავებოდა, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა და ბრალდებული მხოლოდ ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში ცნო დამნაშავედ.

კომენტარები