ხე-ტყის უკანონო ჭრა

ხე-ტყის უკანონო ჭრის შესამცირებლად, მთავრობა ხე-ტყის იმპორტს დღგ-სგან ათავისუფლებს

ხე-ტყის უკანონო ჭრის პრობლემის გადასაჭრელად მთავრობამ ხე-ტყის იმპორტის დღგ-სგან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ პრემიერმა დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა. პრემიერის თქმთ, მთავრობა შეურიგებელი  იქნება ყველას მიმართ, ვინც ჩართულია ხე-ტყის უკანონო ჭრაში.

"მინდა, ხაზგასმით განვაცხადო, რომ ჩვენ შეურიგებელი ვიქნებით ყველას მიმართ, ვინც ჩართულია ხე-ტყის უკანონო ჭრაში. იჩეხება ტყეები, რომლის აღდგენასაც ათასწლეულები სჭირდება, და გამოუსწორებელი ზიანი ადგება ქვეყანას. მინდა, კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ჩვენ ძალიან პრინციპულები ვიქნებით ამ უკანონობასთან ბრძოლაში და მინდა, მოვუწოდო ყველას, რა თანამდებობაზეც არ უნდა იყოს ეს პირი, თუ იქნება ვინმე, ვინც ხელს აფარებს ამ უმსგავსო საქციელს, ყველა ეს ადამიანი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება. ამასთან დაკავშირებით უფრო დაწვრილებით განცხადებას გააკეთებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური. როდესაც ჩვენ პრობლემის მოგვარებაზე ვსაუბრობთ, მხოლოდ ადმინისტრაციული ღონისძიებები საკმარისი არ არის. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხე-ტყის იმპორტი გათავისუფლდება დღგ-ისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ხე-ტყის მოჭრას ექნება ნაკლები მოტივაცია. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანი შეზღუდვები დაწესდება საქართველოდან ე.წ მორისა და ფიცრის ექსპორტზე. რეგულაციები არის ძალიან ჯანსაღი და მნიშვნელოვანი იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც დღეს გვაქვს. დარწმუნებული ვარ, ეს რეგულაცია ჩვენ მომავალში საშალებას მოგვცემს, აღვადგინოთ მწვანე საფარი და დავაჩქაროთ ე.წ რეფორესტიზაზციის, ანუ ტყის აღდგენის პროცესი. ამასთან ერთად, ჩვენ მივესალმებით ისეთ საწარმოებს, რომლებიც ქმნიან დამატებით ღირებულებას საქართველოში, მაგრამ თუ ვინმეს უნდა ხე-ტყის ჭრა და შემდეგ მისი მორად ან ფიცრად გაყიდვა, ასეთი ამბავი ვეღარ მოხდება“, - თქვა მამუკა ბახტაძემ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 და 2017 წლებში დახერხილი ხე-ტყის იმპორტი საშუალოდ $6.3 მილიონ დოლარს შეადგენდა.

გარემოს ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, მხოლოდ ივნისის თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 371 ფაქტი გამოვლინდა მათ შორის 57 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავდა.

კომენტარები