ხე-ტყის უკანონო ჭრა

ბორჯომის მუნიციპალიტეტში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებმა ბორჯომში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. 

"ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევში, ლენტური ტიპის უკანონო სახერხი საამქრო ნახეს, ხოლო ტერიტორიაზე უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის 30 ერთეული 3 მეტრი სიგრძის დაუფირნიშებელი მრგვალი მორი იყო განთავსებული. სახერხი დანადგარი დაილუქა. ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნება შსს ბორჯომის პოლიციის სამმართველოში." - წერია განცხადებაში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2018 წლის 01 იანვრიდან დღემდე, სახერხების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხების ფუნქციონირების 517 ფაქტი გამოავლინეს. სახერხების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ყველაზე მეტი - 112 ფაქტი სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლინდა, აჭარაში - 95 ფაქტი დაფიქრისდა, იმერეთში - 74, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 73, შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 54 ფაქტი, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 39, კახეთში - 28, გურიაში - 24 ფაქტი, ქვემო ქართლის სამოქმედო ტერიტორიაზე - 13 ფაქტი, მცხეთა-მთიანეთში - 3, ხოლო თბილისში - 2 ფაქტი. გამოვლენილ ფაქტებს შორის 380 სახერხების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა, ხოლო 137 უკანონო (არარეგისტრირებული) სახერხი იყო.

გუშინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ ხის გადამამუშავებელი როგორც ქართული ისე უცხოური კომპანიები შემოწმდება. 

ორი დღის წინ კი, სვანეთის ორ სოფელში ხაიშსა და ჭუბერში სპეცრაზმი იყო შესული, რადგან საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ადგილობრივები მათ თანამშრომლებს ხე-ტყის უკანონო მოპოვების შემოწმების საშუალებას არ აძლევდნენ და ქვებს უშენდნენ. 

კომენტარები