ხორავას ქუჩის საქმე

"არ გამოიკვეთა, რომ ვიღაცა ვიღაცას ხელს აფარებდა" - "ოცნება" ხორავას ქუჩის საქმეზე

საქართველოს პარლამენტი

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის ქართული ოცნების წევრები ფიქრობენ, რომ გამოძიება მიკერძოებული არ ყოფილა. მათი მტკიცებით, ის, რომ "ვიღაცა ვიღაცას ხელს აფარებდა", არ გამოიკვეთა. ქართული ოცნების წევრებმა ალტერნატიული დასკვნა მოამზადეს, რომელიც ჯერ არ გასაჯაროებულა. შეგახსენებთ, რომ საგამოძიებო კომისია, რომლის უმრავლესობაშიც ევროპული საქართველოა, დასკვნაში აღნიშნავს, რომ ხორავას ქუჩის მკვლელობის გამოძიება მიკერძოებულად ჩატარდა. კომისიის შეფასებით, პროკურატურა ცდილობდა, მიეჩქმალა მ.კ.-ს როლი დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში. განსხვავებულად ფიქრობენ ქართული ოცნების წევრები.

"არა, ცალსახად არ [ყოფილა გამოძიება მიკერძოებული], დარღვევები იყო, ხარვეზები იყო, მაგრამ ეს არ იყო. იმისთვის, რომ ვთქვათ, რომ ხარვეზებმა მოახდინა ზეგავლენა, ამის საფუძველი არ გამოიკვეთა. ის, რომ ვიღაცა ვიღაცას ხელს აფარებდა, არ გამოიკვეთა. კომისია შეიქმნა იმისთვის, რომ დაედგინა, ხომ არ არის, ასე ვთქვათ, ტენდენციური საგამოძიებო პროცესი, ხომ არ იყო ვიღაცის გავლენა იმისთვის, რომ ვინმესთვის ხელი დაეფარებინა, ეს არ მომხდარა" - განაცხადა ქართული ოცნების წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის თქმით, მათ გამოავლინეს კონკრეტული ხარვეზები გამოძიების პროცესში, რომლებმაც "იქონია გავლენა მტკიცებულებების ხარისხზე". მისი ინფორმაციითვე, "კომისიის დასკვნაში წერია, რომ პოლიტიკური, ანუ უწყებრივი ჩარევა მართლმსაჯულების  წინააღმდეგ არ მომხდარა. ასევე, დასკვნებში არის მოცემული კონკრეტული მკაცრი რეკომენდაციები, რომელსაც ჩვენ ვითხოვთ, რათა აღმოიფხვრას ის პრობლემები, რომლებიც გამოძიების შედეგად დავადგინეთ".

საგამოძიებო კომისიის კიდევ ერთი წევრი ქართული ოცნებიდან, ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ მათ მომზადებულ რეკომენდაციებში მომთხოვნები იქნებიან.

"კომისიამ ამ დასკვნაში დაადგინა ის, რომ არ ჰქონია ადგილი რაიმე უწყებრივ და პოლიტიკურ ზემოქმედებას მართლმსაჯულების განხორციელებაზე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუმცა, ჩვენ ვიქნებით მომთხოვნი იმ რეკომენდაციებით, რომელი რეკომენდაციებიც ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ამ დასკვნაში" - თქვა ოხანაშვილმა.

ხორავას ქუჩის საქმეზე დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, რომლის უმრავლესობაშიც საპარლამენტო უმცირესობაა, საქმეზე დასკვნის კიდევ ერთი ნაწილი გუშინ, 2 სექტემბერს გამოაქვეყნა, მასში სკოლებში უსაფრთხოების შესახებ არის საუბარი. კომისიამ მიუთითა, რომ "ხორავას ინციდენტში მონაწილეებში აგრესიული ფონი გაზრდილი იყო და ეს ორივე სკოლამ იცოდა", ასევე, "სკოლებში გაზრდილია აკრძალული ნივთების მოხმარება, გაპარვა, გაკვეთილის ჩაშლა". ასევე, გამოავლინა ახალი გარემოებები მ.კ-ს მიერ ე.წ. ტარის ფლობაზე. 

კომენტარები