ხორავას ქუჩის საქმე

კაპანაძე ხორავას ქუჩის საქმეზე: მთავრობისთვის არის მართლაც სიმართლის ჟამი

საქართველოს პარლამენტი

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე "კარგ პრეცედენტად" აფასებს არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას, რომლის მიხედვითაც, კომისიის დასკვნა საფუძვლიანი და არგუმენტირებულია. კაპანაძის თქმით, NGO-ების შეფასება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

"მინდა, ერთი მხრივ, მადლობა გადავუხადო არასამთავრობო ორგანიზაციებს, მაგრამ მეორე მხრივ, აღვნიშნო, მთავრობისთვის ახლა არის მართლაც სიმართლის ჟამი - უნდა გადაწყვიტონ, მორიგჯერ მიდიან მთელი საზოგადოების, შვილმოკლული მშობლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, დროებითი საგამოძიებო კომისიის, ზოგადად ხალხის ინტერესის წინააღმდეგ თუ აპირებენ, რომ ამ ამბავს მოფინონ ნათელი და დაადგინონ თუ რეალურად ვინ არის მკვლელი იმ რეკომენდაციების მიხედვით, რომელიც ჩვენ გავეცით და დასაჯონ ის ადამიანები, რომლებიც ხელს აფარებდნენ მკვლელს და რომლებმაც გამოძიება შეიყვანეს ჩიხში" - თქვა სერგი კაპანაძემ.

დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ კომისიის დასკვნას და რეკომენდაციებს ხუთშაბათს, 20 სექტემბერს, პარლამენტში განიხილავენ.

"მე წარვადგენ ამ დასკვნას, ამის ამის შემდეგ უკვე მოვუწოდებ ხელისუფლებას, სერიოზულად მიუდგნენ ამ რეკომენდაციებს და დროულად გადადგან ნაბიჯები. ეს ადამიანები საკმარისად დაზარალდნენ და აღარ უნდა იყვნენ მოლოდინის რეჟიმში" - აღნიშნა კაპანაძემ.

ცნობისთვის, დღეს, თერთმეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოს პარლამენტს და შესაბამის ორგანოებს მოუწოდა, "საკუთარი როლისა და ფუნქციის გათვალისწინებით, გაიზიარონ კომისიის დასკვნაში მოცემული რეკომენდაციები". მათი შეფასებით, ეს ხელს შეუწყობს როგორც საქმის გამოძიების სათანადოდ წარმართვას, ასევე, მსგავსი შემთხვევების პრევენციას მომავალში.

კომენტარები