აფეთქება

შსს: ბინაში, სადაც აფეთქებისას ფილა ჩავარდა, დაუდასტურებელი ინფორმაციით, დედა-შვილი იმყოფება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზემო ფონიჭალის დასახლებაში, საცხოვრებულ 
კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თეიმურაზ კუპატაძის თქმით, საცხოვრებელ კორპუსში, მესამე სართულზე გაჟონა ბუნებრივმა აირმა, რამაც გამოიწვია აფეთქება. მესამე სართულიდან სამშენებლო ფილა ჩავარდა მეორე სართულზე.

"მესამე სართულზე იმყოფებოდა ოჯახი - დედა-შვილი, ასევე, მამა, რომლებიც ამ ფილასთან ერთად ჩამოვარდნენ მეორე სართულზე. ისინი გადაყვანილი არიან საავადმყოფოში.

ადგილზე დროულად გამოცხადდა საპატრულო და სამაშველო სამსახურები. ამ დროისთვის მიმდინარეობს  მოძებნის პროცესი, იმის დასადგენად არიან თუ არა კიდევ დაშავებულები. სულ საავადმყოფოში გადაყვანილია 4 მოქალაქე. რომელთა სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. ჩვენი ინფორმაციით, მეორე სართულზე, სადაც არის სამშენებლო ფილა ჩავარდნილი, სახლში უნდა იმყოფებოდეს  დედა-შვილი, რომლებიც ჯერ არ გვიპოვნია და ამ ინფორმაციას ვერ ვადასტურებთ.

მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. ასევე, გრძელდება ძებნის სამუშაოებიც. ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები,  იქნება მობილიზებული შესაბამისი ტექნიკა, რითაც ფილა აიწევა" - განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.

კომენტარები