გრიპის ვირუსი

დღეიდან ტამიფლუ ექიმის დანიშნულებით უფასოა, სრულად ფინანსდება გადაუდებელი ამბულატორიაც

emm-a-man.com

დღეიდან, 12 იანვრიდან ანტივირუსული მედიკამენტი "ტამიფლუ", ექიმის დანიშნულების შემთხვევაში, საქართველოს ყველა მოქალაქეზე უფასოდ გაიცემა. 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მედიკამენტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებსა და სააფთიაქო ქსელებში გაიცემა. მოქალაქე პრეპარატს უფასოდ ექიმის დანიშნულებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის ფორმა N100-ის წარდგენის შემდეგ მიიღებს.

გარდა ამისა, დღეიდან სრულად დაფინანსდება გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ეს ინიციატივა მოქალაქეთა სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობის ხელშეწყობას ემსახურება და გაზრდილი ავადობის პერიოდში იმოქმედებს.

ამ დრომდე, "ტამიფლუ" უფასოდ მხოლოდ ასაკით პენსიონერებზე, ორსულებზე, ბავშვებზე, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებსა და სოციალურად დაუცველებზე გაიცემოდა. გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების 100%-ს კი სახელმწიფო მხოლოდ მიზნობრივი ჯგუფისთვის აფინანსებდა, სხვა მოქალაქეებისთვის თანაგადახდის არეალი რჩებოდა.

პრეპარატ "ტამიფლუს" მოსახლეობისთვის სახელმწიფო სუბსიდირებით გაცემის გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობას ეკუთვნის. უცნობია, კონკრეტულად რა პერიოდამდე გაგრძელდება მედიკამენტის უფასოდ გაცემა და რა თანხა დაიხარჯება ამაზე ბიუჯეტიდან.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საქართველოში გრიპის ვირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა. რამდენიმე ათეული პაციენტი მკურნალობს, მათი ნაწილის მდგომარეობა მძიმეა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის შეფასებით, "მიმდინარეობს რაღაც მიზანმიმართული დაშინება მოსახლეობის, გეგონება, გრიპი პირველად არის". NCCD-ის სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 10 წლის განმავლობაში, გრიპის ვირუსით ყველაზე მეტი ადამიანი 2009-2010 (53 პაციენტი) და 2015-2016 წლებში (50 პაციენტი) გარდაიცვალა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველადი ჯანდაცვის 5 დაწესებულება 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ, დღე-ღამის ნებისმიერ დროს გრიპის სიმპტომების გაჩენისთანავე კონსულტაცია ოჯახის ექიმთან გაიარონ.

ეს სამედიცინო დაწესებულებებია:

  • შპს მედკაპიტალი-გლდანი მის: ვეკუას ქ. N 18.
  • შპს მედკაპიტალი-საბურთალო მის: გამრეკელის ქ. N19.
  • შპს საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი მის: წინამძღვრიშვილის ქ. N 57.
  • შპს მედსი: ("ვერე-21") მის: ქიაჩელის ქ. N 18.
  • შპს მედკაპიტალი-სამგორი მის: მოსკოვის გამზ. კვ. 4, კორპ.

წაიკითხეთ ჩვენებები, რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ოჯახის ექიმს და გაეცანით ბოლო 10 წლის სტატისტიკას - როდის რამდენი ადამიანი გარდაიცვალა საქართველოში გრიპის ვირუსით.

კომენტარები