გრიპის ვირუსი

ბოლო 10 წლის სტატისტიკა - როდის რამდენი ადამიანი გარდაიცვალა საქართველოში გრიპის ვირუსით

emm-a-man.com

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სეზონური გრიპის ბოლო 10 წლის სტატისტიკას ავრცელებს. NCDC-ს ინფორმაციით, მას შემდეგ რაც მსოფლიოში ცირკულაცია დაიწყო გრიპის A (H1N1) pdm09 ქვეტიპის ვირუსმა, აღმოჩნდა, რომ მას გააჩნია მძიმე შემთხვევების გამოწვევის მაღალი უნარი, განსაკუთრებით რისკ-ჯგუფებში.

"შესაბამისად, იმ წლებში, როდესაც საქართველოში პრედომინანტულად ცირკულირებდა ეს ვირუსი, გრიპით ავადობა და მასთან ასოცირებული ჰოსპიტალიზაციის ტვირთი იყო განსაკუთრებით მაღალი" - აღნიშნავს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი.

სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 10 წლის განმავლობაში, გრიპის ვირუსით ყველაზე მეტი ადამიანი 2009-2010 (53 პაციენტი) და 2015-2016 წლებში (50 პაციენტი) გარდაიცვალა.

"გრიპი ჩვეულებრივ  მსუბუქად მიმდინარე დაავადებაა და უმეტესად ახასიათებს სწრაფი გამოჯანმრთელება. მიუხედავად ამისა, ეს გადამდები რესპირატორული დაავადება, რომელიც გამოწვეულია გრიპის ვირუსით, ზოგჯერ შესაძლოა გახდეს მძიმე დაავადებისა და სიკვდილის მიზეზი. სეზონურმა გრიპმა მსოფლიოს მასშტაბით, ყოველწლიურად შესაძლოა გამოიწვიოს 3-5 მილონი მძიმე დაავადების შემთხვევა და 290 000-დან 650 000-მდე სიკვდილი.

არ აგერიოთ ერთმანეთში გრიპი და უბრალო გაციება. გრიპის ვირუსით დაავადების შემთხვევაში უყურადღებობას შესაძლოა მოჰყვეს გართულებები და ლეტალური შედეგიც კი, ამიტომ ავადმყოფმა სიმპტომების გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს" - აცხადებს NCDC.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საქართველოში გრიპის ვირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა. რამდენიმე ათეული პაციენტი მკურნალობს, მათი ნაწილის მდგომარეობა მძიმეა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის შეფასებით, "მიმდინარეობს რაღაც მიზანმიმართული დაშინება მოსახლეობის, გეგონება, გრიპი პირველად არის".

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველადი ჯანდაცვის 5 დაწესებულება 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ, დღე-ღამის ნებისმიერ დროს გრიპის სიმპტომების გაჩენისთანავე კონსულტაცია ოჯახის ექიმთან გაიარონ.

ეს სამედიცინო დაწესებულებებია:

  • შპს მედკაპიტალი-გლდანი მის: ვეკუას ქ. N 18.
  • შპს მედკაპიტალი-საბურთალო მის: გამრეკელის ქ. N19.
  • შპს საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი მის: წინამძღვრიშვილის ქ. N 57.
  • შპს მედსი: ("ვერე-21") მის: ქიაჩელის ქ. N 18.
  • შპს მედკაპიტალი-სამგორი მის: მოსკოვის გამზ. კვ. 4, კორპ.

წაიკითხეთ ჩვენებები, რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ოჯახის ექიმს.

ასევე ნახეთ სააფთიაქო ქსელები, სადაც ექიმის მიერ დანიშნული ანტივირუსული პრეპარატის ტამიფლუს შეძენას შეძლებთ.

კომენტარები