ტრისტან წითელაშვილი

მთავრობა ტრისტან წითელაშვილისთვის ახალი წლის მილოცვაზე კომენტარს არ აკეთებს

სამშობლოს ღალატისთვის მსჯავრდებული ტრისტან წითელაშვილისთვის საახალწლო მისალოცი ბარათის გაგზავნაზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში კომენტარს არ აკეთებენ.

ტაბულა მთავრობის ადმინისტრაციას იმის გასარკვევად დაუკავშირდა, ნამდვილია თუ არა მისალოცი ბარათი და რატომ აღმოჩნდა სამშობლოს ღალატისთვის მსჯავრდებული ტრისტან წითელაშვილი იმ სიაში, რომლის მიხედვითაც საახალწლო მისალოცი ბარათები გაიგზავნა.

საახალწლო მილოცვა პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმოწერით წითელაშვილმა გუშინ, 13 იანვარს ფეისბუქზე გამოაქვეყნა და პრემიერს მადლობა გადაუხადა.

"გილოცავთ ახალ წელს! მშვიდობა, ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და ბედნიერება არ მოგკლებოდეთ თქვენ და თქვენს ოჯახს", - წერია მამუკა ბახტაძის მისალოც ბარათში.

პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დააკავეს და სამშობლოს ღალატისთვის პატიმრობა მიუსაჯეს. 2013 წლის იანვარში, ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ მან ციხე დატოვა.

2016 წელს კი გენშტაბის ყოფილმა უფროსმა, გიგი კალანდაძემ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოში აშენებული რამდენიმე მსხვილი საიდუმლო სამხედრო ობიექტების ნუსხა რუსულ სპეცსამსახურებს ჩაუვარდათ ხელში და რომ გასაიდუმლოებული ობიექტების კოორდინატები რუსულ სპეცსამსახურებს სწორედ ტრისტან წითელაშვილმა გადასცა. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ის საცეცხლე წერტილებზე მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს დანიშნულმა, გენინსპექციის თანამშრომელმა გოდერძი ორმოცაძემ შეიყვანა, რომელმაც საიდუმლო ბაზაზე შესვლა სამსახურებრივი საშვით შეძლო და საიდუმლო ობიექტები ფირზე გადაიღო. თავად წითელაშვილი ამტკიცებდა, რომ არა საიდუმლო, არამედ "ჩვეულებრივ" ბაზაზე იმყოფებოდა. მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა იმჟამინდელმა თავდაცვის მინისტრმაც. ამასთან, მინდია ჯანელიძემ დასძინა, რომ წითელაშვილი ბაზაზე მასთან შეუთანხმებლად შევიდა და ამ დარღვევაზე შესაბამისმა პირმა პასუხი აგო. თავდაცვის უკვე ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი კი ამტკიცებდა, რომ წითელაშვილი ნამდვილად საიდუმლო ობიექტებზე იმყოფებოდა. თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ ობიექტებზე ტრისტან წითელაშვილის უნებართვოდ შესვლასთან დაკავშირებით პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია. უწყებაში ამბობდნენ, რომ სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები არ დგინდება.

აღსანიშნავია, რომ ტრისტან წითელაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის პერიოდში სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებს შეუერთდა.

კომენტარები