ნოვრუზ ბაირამი

"ნოვრუზ ბაირამ მუბარეკ ოლსუნ" - პრემიერი აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს დღესასწაულს ულოცავს

www.facebook.com/pg/bakhtadzemamuka

საქართველოს პრემიერმინისტრმა აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა. მამუკა ბახტაძე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილთან ერთად მარნეულში იმყოფებოდა.

"გილოცავთ დღევანდელ დღეს. ნოვრუზ ბაირამ მუბარეკ ოლსუნ! გილოცავთ გაზაფხულის შემობრძანებას და ახალ სიცოცხლეს ჩვენს ოჯახებში. ჩვენ ვცხოვრობთ საქართველოში, ქვეყანაში, რომლის მრავალსაუკუნოვანი ისტორია არის ისტორია ძმობისა, სიყვარულისა და ერთობისა. საქართველოს სიძლიერე მუდამ იყო მის მრავალფეროვნებაში, იმაში, რომ ჩვენ, საქართველოს შვილები ერთად, გვერდიგვერდ, მუხლჩაუხრელად ვშრომობდით ჩვენი საერთო სამშობლოს წინსვლისთვის. ეს დიდი სიყვარული და ძმობა უპირობოდ უნდა გადავცეთ მომავალ თაობებს. ძალიან მიხარია, რომ დღესასწაულს ესწრებიან ჩვენი მეგობრები აზერბაიჯანიდან. მინდა, ჩვენს დებსა და ძმებს აზერბაიჯანში მივულოცო ნოვრუზ ბაირამი და მათ ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ნოვრუზი სპარსული სიტყვაა და "ახალ დღეს" ნიშნავს. მისი აღნიშვნის ტრადიცია ზოროასტრიზმის (ცეცხლთაყვანისმცემლობა) უძველესი რელიგიიდან იღებს სათავეს და დღეღამსწორობას უკავშირდება. ითვლება, რომ 21 მარტიდან, როცა დღე და ღამე ერთმანეთს უტოლდება, ახალი წელი ბუნების გამწვანებასთან ერთად იწყება. ეს არის დრო, როცა დედამიწა ახალ სიცოცხლეს იწყებს, ხოლო აზერბაიჯანელები და ათზე მეტი სხვა ერი - ახალ წელს.

2010 წელს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ნოვრუზ ბაირამი, ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეების დღესასწაული, საერთო სახალხო დღესასწაულად გამოაცხადა.

2010 წლის 19 თებერვალს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელმაც 21 მარტი "ნოვრუზის საერთაშორისო დღედ" გამოაცხადა და მიესალმა დღესასწაულის აღმნიშვნელ სახელმწიფოებს, რომლებიც ხელს უწყობენ მასთან დაკავშირებული კულტურული ტრადიციების შენახვასა და განვითარებას. საქართველოს აზერბაიჯანულენოვანი მოქალაქეებისთვის ზეიმს ტრადიციული დატვირთვა აქვს, რომელიც კავშირში არ არის ისლამურ რელიგიასთან.

კომენტარები