ნოვრუზ ბაირამი

ნოვრუზის საერო დღესასწაული ღარიბაშვილმა მუსლიმ თემს მიულოცა

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნოვრუზ ბაირამის საერო დღესასწაული მუსლიმ თემს მიულოცა. 

"მინდა ჩვენს თანამოქალაქეებს, ეთნიკურად აზერბაიჯანელებს, ყველა მუსლიმს მივულოცო გულითადად დღევანდელი დღე, ნოვრუზ ბაირამი. ეს არის ახალი სიცოცხლის, განახლების დღე და მინდა ყველას მივულოცო ეს დღესასწაული. კიდევ ერთხელ მივულოცო მათ ოჯახებს, ვუსურვო ჯანმრთელობა, ბარაქა, მშვიდობა და კეთილდღეობა.

მინდა ვთქვა, რომ მუსლიმი თემი ჩვენი საზოგადოების განუყოფელი ნაწილია. ჩვენ ყოველთვის ერთად ვქმნიდით და ვქმნით ჩვენი ქვეყნის საერთო ისტორიას. ამიტომ, ჩვენი მთავრობის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ეთნიკურად აზერბაიჯანელს და თითოეულ მუსლიმს მათ მიერ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში შეტანილი წვლილისთვის". – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ნოვრუზ ბაირამი საერო დღესასწაულია და მას ისლამთან კავშირი არ აქვს. ითვლება, რომ 21 მარტიდან, როცა დღე და ღამე ერთმანეთს უტოლდება, ახალი წელი ბუნების გამწვანებასთან ერთად იწყება. ეს არის დრო, როცა დედამიწა ახალ სიცოცხლეს იწყებს, ხოლო აზერბაიჯანელები და ათზე მეტი სხვა ერი – ახალ წელს.

2010 წელს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ნოვრუზ ბაირამი, ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეების დღესასწაული, საერთო სახალხო დღესასწაულად გამოაცხადა.

2010 წლის 19 თებერვალს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელმაც 21 მარტი "ნოვრუზის საერთაშორისო დღედ" გამოაცხადა და მიესალმა დღესასწაულის აღმნიშვნელ სახელმწიფოებს, რომლებიც ხელს უწყობენ მასთან დაკავშირებული კულტურული ტრადიციების შენახვასა და განვითარებას. საქართველოს აზერბაიჯანულენოვანი მოქალაქეებისთვის ზეიმს ტრადიციული დატვირთვა აქვს, რომელიც კავშირში არ არის ისლამურ რელიგიასთან.

კომენტარები