ტაქსების რეგულირება

ევროპული საქართველო ტაქსების რეგულაციების გაუქმებას ითხოვს

თეთრი ტაქსები
flickr.com

ევროპული საქართველო ტაქსების რეგულაციების გაუქმებას ითხოვს და ამბობენ, რომ ამ საკითხს, როგორც საკრებულოში ასევე პარლამენტშიც დააყენებენ. პარტიის წევრების თქმით, ამ რეგულაციებს მხოლოდ უარყოფითი შედეგები აქვს, მათ შორის ადამიანების გაღარიბება, ტაქსის მომსახურების გაძვირება და ქალაქში ტაქსებზე ხელმისაწვდომობის შემცირება.

"ყველა ნაბიჯი, რაც თბილისის მერიამ გადადგა ამ მიმართულებით არის გაუაზრებელი, სულელური და ორიენტირებული ადამიანების გაღარიბებაზე და ტაქსის მომსახურების გაძვირებაზე. ეს ელიტისტური და სნობური არგუმენტები იმაზე, რომ ვითომ ვიზუალურად თეთრი ტაქსები სჯობს, ან ქიმწმენდის ვაუჩერებს მხოლოდ A კატეგორიის ტაქსებზე გასცემენ, ეს არის სნობური არგუმენტები, ადამიანებს აქვთ უფლება თავად აარჩიონ მანქანა, რომლითაც იმგზავრებენ და ტაქსისტებს აქვთ უფლება თავად განსაზღვრონ მდგომარეობა იმ მანქანისა, რომლითაც მოემსახურებიან მოქალაქეებს და ეს არაფერ შუაში არ არის ტექნიკურ მდგომარეობასთან. ტექნიკურად მანქანა გამართული და უსაფრთხო უდნა იყოს როგორც ტაქსი, ასევე არატაქსი, ეს არის დემაგოგია და არაფერი კავშირი სატაქსო საკითხთან არ აქვს," - ამბობს გოკა გაბაშვილი.

თბილისის საკრებულოს ევროპული საქართველოს წევრის გოკა გაბაშვილის თქმითვე, მსოფლიოს მასშტაბით, ასეთი ტიპის მომსახურეობა მთელ მსოფლიოში არის კერძო პირებს შორის შეთანხმების საკითხი და ათასობით აპლიკაცია არსებობს და სახელმწიფოს რეგულაციები ყველგან მცირდება თუ არა უქმდება. მისივე თქმით, მერიის ეს ცრუ რეფორმა უკვე ჩამოშლილია.

"პირველ ეტაპზე მერიამ მოახდინა ლიცენზირება და დაადგინა, რომ გვყავს 33 ათასამდე ტაქსი, შემდეგ დაიწყო ამ აღრიცხული ადამიანების წვალება, გამოგონილი აბსურდული არგუმენტებით. 33 ათასი ტაქსიდან ამ "მომსახურებით" რომელიც მერიამ მათ შესთავაზა ისარგებლა 2 ათასზე ცოტა მეტმა, ანუ აღრიცხული ტაქსების 8 პროცენტმა. გადაღებვის ვაუჩერით ისარგებლა მხოლოდ ათასზე ცოტა მეტმა 4-მა პროცენტმა. საინტერესოა, რას ეუბნება მერია ტაქსისტს, რომლიც თავად აღრიცხა. რატომ არ აქვთ მათ უფლება ქუჩაში აიყვანონ მგზავრი, რატომ უნდა დარჩნენ მათი ოჯახები ნაკლები შემოსავლით და რატომ განახორციელეს საერთოდ რეფორმა რომელსაც სამი შედეგი აქვს და სამივე კატასტროფულად ცუდია," - ამბობს გაბაშვილი.

გიორგი კანდელაკის თქმით, ევროპული საქართველო ამ რეგულაციების შესაძლო უარყოფით შედეგებზე ქართულ ოცნებას და მერიას, მას შემდეგ ასფრთხილებდა, რაც ამ რეგულაციებზე მუშაობა დაიწყეს. კანდელაკის თქმითვე, გარდა იმისა, რომ ეს რეგულაციები იწვევს უმუშევრობის ზრდას და ტაქსების ფასის ზრდას, არის მოქალაქეების დაცინვა. 

"ალბათ საპენსიო "რეფორმის" შემდეგ, ამ მასშტაბის ჩაძრომა ჩვენი მშრომელი მოქალაქეების ჯიბეში არ გვახსენდება. ათასობით ჩვენი მოქალაქეს, რომელიც მთავრობას არაფერს სთხოვს და საკუთარი შრომით არჩენს ოჯახს, მთავრობა ურთულებს ცხოვრებას, უძვრება ჯიბეში და უბრალოს აწვალებს. პატრული, რომელიც უნდა იყო დაკავებული კრიმინალთან ბრძოლით, დასდევს ფერად ტაქსებს და ვინც დადის წითელი და მწვანე ტაქსით 200 ლარით აჯარიმებს," ამბობს კანდელაკი. 

2018 წლის 1 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა კანონი ტაქსების ლიცენზირების შესახებ. ერთწლიანი ლიცენზიის ღირებულება ჩვეულებრივი ავტომობილებისთვის 100, ჰიბრიდებისთვის კი - 50 ლარია. ელექტროავტომობილის შემთხვევაში ლიცენზია უფასოა. ულიცენზიოდ გადაადგილების შემთხვევაში, მძღოლს 200 ლარით დააჯარიმებენ. გარდა ამისა, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან მარჯვენასაჭიანი და სამკარიანი ავტომობილებით ტაქსის მომსახურების გაწევა აიკრძალა, დარეგულირდება მანქანის ფერიც - A კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლები ვალდებულები არიან, ტაქსები თეთრად გადაღებონ. ეს მათთვის უფასოა და რეკლამის განთავსების სანაცვლოდ კეთდება. "თეთრ ტაქსებს" საჩუქრად გადაეცემათ მანათობელი წარწერით "TAXI თბილისი" - წითელი ფერის განათება იქნება იმ შემთხვევაში, როცა ტაქსი დაკავებულია, ხოლო თეთრი - როცა მანქანა თავისუფალია.

კომენტარები