კახა კალაძე

კალაძე ხაზარაძეზე: რა გადაარჩია [პროგრეს ბანკში], ფუნთუშეულია და ქიშმიშები ამოიღო?

კახა კალაძე
პალიტრანიუსი

კახა კალაძის თქმით, მამუკა ხაზარაძე საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს და მას ამაზე ეცინება.

თბილისის მერი თიბისი ბანკის და საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებებს გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ კალაძის კუთვნილ პროგრეს ბანკში "ფულის გათეთრების" ნიშნები იყო. ხაზარაძემ თქვა, რომ 2016 წელს მას ბიძინა ივანიშვილმა პროგრეს ბანკის ყიდვა მოსთხოვა, მაგრამ პრობლემების გამო მხოლოდ ჯანსაღი აქტივები შეისყიდა.

პალიტრანიუსის ეთერში კალაძემ თქვა;

"ბატონი ხაზარაძე გამოდის და ამბობს, რომ რაღაცები გადავარჩიეო - რა გადაარჩია, რას ნიშნავს - ფუნთუშეულია, ქიშმიშები ამოიღო?! თუ... გაუგებარია, მეცინება ხოლმე. ადამიანს, უბრალოდ, რომ ვუსმენ. დგას და ცდილობს რომ საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში.

მე ვფიქრობ, მამუკა ხაზარაძემ ეს ყველაფერი გამოიყენა.ყოველ შემთხვევაში, მცდელობა ჰქონდა გამოეყენებინა თავისი ვერშესრულებული ვალდებულებების გადასაფარად და იმ კონკრეტულ ქეისთან მიმართებაში, რასაც პროკურატურა ედავება, ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, „პროგრესბანკს“ არანაირი შეხება არ ჰქონია „ფულის გათეთრებასთან“ დაკავშირებით. ვინც ბანკთან მიმართებით ერკვევა და გარკვეული შეხება აქვს, მსოფლიოში ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ბანკს,რომლის პორტფელში არ იყოს მაგალითად, ცუდი კრედიტები, ის კომპანიები, ვინც სესხს ვერ ემსახურება ან პირიქით. არ არსებობს ასეთი რამ. ამიტომ, ის განცხადებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ, ჩემთვის გაუგებარი იყო. რაც შეეხება ტრანზაქციებს, საუბარი იყო ერთ-ერთ ჰოლდინგზე, BMG ჯგუფზე, რომელმაც დღეს განცხადება გააკეთა და აუცილებლად მიდიან სასამართლოში იმიტომ, რომ იყო ცრუ, არასწორი ინფორმაცია. რაც შეეხება ოფშორებში გადარიცხვებს ამას, ყველა ბანკი, არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში, აკეთებს გადარიცხვა-გადმორიცხვებს. ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს და ეს ყველაფერი არ არის კანონდარღვევა".

თიბისი ბანკსა და სოსიეტე ჟენერალს შორის გარიგება 2016 წლის სექტემბერში დაიხურა. თიბისიმ რესპუბლიკა ბანკის 93%-იანი წილი შეიძინა, ამავე გარიგების ფარგლებში მოხდა პროგრეს ბანკის აქტივების შესყიდვაც. სულ გარიგება 315 მილიონ ლარად შეფასდა.

ეროვნულმა ბანკმა კი პროგრეს ბანკს საქმიანობის ლიცენზია ამავე წლის ოქტომბერში გაუუქმა.

პროგრეს ბანკი 2007 წელს კახა კალაძემ დააფუძნა, პროგრეს ბანკის 22%-იან წილს ბიძინა ივანიშვილიც ფლობდა.

კომენტარები