კორონავირუსი საქართველოში

გოგიტიძე: COVID-19-ით ინფიცირებული ექიმის დაახლოებით 30 კონტაქტია დადგენილი

თამარ ჩიკვატია

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსის, ამირან გოგიტიძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმის 30-მდე კონტაქტია დადგენილი. 

"მყისიერად დადგინდა კონტაქტები, ვისთან ჰქონდა შეხება - ყველა ადამიანი, ვისთანაც თანამშრომელს კონტაქტი ჰქონდა, იზოლირებულ პირობებშია გადაყვანილი. დღეისთვის არის დაახლოებით 30 ადამიანი კარანტინსა და თვითიზოლაციაში", - თქვა გოგიტიძემ.  

გოგიტიძის თქმით, ის 31 მარტს მორიგეობდა, სიმპტომები კი გუშინწინ დაეწყო. 

"ძალიან დაბალი იყო რისკი, რომ მორიგეობის განმავლობაში ყოფილიყო გადამდები. თუმცა, მივიღეთ პრევენციული ღონისძებები. დაახლოებით, იყო 11 გამოძახებაზე", - თქვა გოგიტიძემ. 

მისი ინფორმაციით, ინფიცირებული ექიმი თავს კარგად გრძნობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.  

სასწრაფო სამედიცინო დახმარების უმცროს ექიმს COVID-19-ით ინფიცირება გუშინ, 3 აპრილს დაუდასტურდა. ექიმს COVID-19 ქმრისგან გადაედო, რომელის საქართველოს ეროვნული ბანკის 7 ინფიცირებულ თანამშრომელს შორისაა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 157 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 28 პირი. დღეს, 4 აპრილს, 1 ადამიანი - 79 წლის ქალი გარდაიცვალა.

30 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე - კომენდანტის საათი. 

21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მანამდე, კარანტინის რეჟიმში ორი მუნიციპალიტეტი, მარნეული და ბოლნისი იყო.

კომენტარები