ეკონომიკური გეგმა

ბოკერია: ზედაპირული, მავნებლური, არაადეკვატური კრიტერიუმებით სავსე ბუნდოვანი გეგმა ვნახეთ

ტაბულა

"დაგვიანებული, ზედაპირული, მავნებლური ინსტიქტებით და არაადეკვატური კრიტერიუმებით სავსე ბუნდოვანი პრეზენტაცია მოვისმინეთ გახარიასგან", - ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია მთავრობის მიერ წარდგენილ სოციალურ-ეკონომიკურ გეგმას აფასებს.

ბოკერია ამბობს, რომ დახმარება, რომელსაც მთავრობა მოქალაქეებს სთავაზობს, არის გაუგებარი, არასწორი კრიტერიუმებით, არასაკმარისი და მცირე. 

"არ ხდება გადასახადების რეალურად დაწევა, არ ხდება წნეხის შემცირება მოქალაქეებისთვის, მეწარმეებისთვის, რაც ამ ვითარებაში წარმოუდგენელი რამეა. 

არ ხდება დერეგულირება, ისევ ინარჩუნებენ მთავრობის როლს, რომ არჩევანი გააკეთონ, ვის რა მისცენ, თითქოს მათ უკეთ იციან, ჩვენ ჩვენს ფულს როგორ დავხარჯავთ, რაც კორუფციის რისკიც არის და მავნებლობაა ყველა შემთხვევაში.

საპენსიო შენატანზე, ფულზე, რომელიც ეკუთვნის ხალხს, ისევ უარს ეუბნებიან, რომ შანსი ჰქონდეთ ამ გაჭირვების დროს გამოიყენონ. ამ გადასახადს არც კი აჩერებენ", - ამბობს ბოკერია.

ბოკერის თქმითვე, ევროპული საქართველო გააგრძელებს წნეხს, ყველა მიმართულებით, რომ სადღაც მაინც გადაადგმევინონ მთავრობას სწორი ნაბიჯები, მაგალითად, საპენსიო ფულის დაბრუნებაზე.

რაც შეეხება შეზღუდვების შემსუბუქებას, ბოკერია ამბობს, რომ აქაც ნელი ტემპია და არამკაფიო კრიტერიუმები.

"უფრო ჩქარა უნდა გავაკეთოთ ეს ყველაფერი და უფრო მკაფიო კრიტერიუმებით. უნდა გამოირიცხოს აბსურდული შეზღუდვები, რომ ცოლის გვერდით ჯდომისთვის სამი ათასი ლარით დააჯარიმეს ადამიანი. ბავშვებს ვერ ისვამენ უკან ოჯახის წევრები.

უნდა გამოირიცხოს სუფთა სახლისნაირი ვითარებები და ამაზეც მკაფიო ვერანაირი პასუხი ვერ გავიგეთ. ამ ტემპით ჩვენ კონკურენციაში ვერ მოვიგებთ და ძალიან დიდი იქნება ზიანი ყველასთვის", - ამბობს ბოკერია.

დღეს მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. 

დაქირავებით დასაქმებული პირები, ვინც სამსახური დაკარგა ან უხელფასო შვებულებაში გაუშვეს, მომდევნო ექვსი თვის მანძილზე მთავრობისგან თვეში 200 ლარიან დახმარებას, ჯამში 1200 ლარს მიიღებენ.

თვითდასაქმებული ან არაფორმალურ სექტორში დასაქმებული პირები, შემოსავლის დაკარგვის დასაბუთების შემთხვევაში, მთავრობისგან ერთჯერად ფინანსურ დახმარებას, 300 ლარს მიიღებენ.

დამსაქმებლები შენარჩუნებული სამუშაო ადგილებისათვის სახელმწიფოსგან ექვს-თვიან შეღავათს მიიღებენ. პრემიერმინისტრ გახარიას თქმით, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში 750 ლარამდე ხელფასი სრულად, ხოლო 750 ლარიდან 1500 ლარამდე ხელფასები 750 ლარის ოდენობაზე გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან.

2021 წლიდან ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება მინიმუმ 20 ლარით, 70 წელს ზემოთ - 25 ლარით.

სოც. დაუცველები, მრავალშვილიანი ოჯახები და შშმ პირები 6 თვის მანძილზე თვეში 100 ლარს მიიღებენ

საგანგებო რეჟიმის შეზღუდვები ეტაპობრივად, 27 აპრილიდან შემსუბუქდება.

კომენტარები