ეკონომიკური გეგმა

ონლაინპორტალი თვითდასაქმებულების აღსარიცხად მაისის შუიდან ამუშავდება

ონლაინპორტალი, სადაც თვითდასაქმებულმა მოქალაქეებმა საკუთარი პირადი მონაცემები უნდა ატვირთონ, რათა მთავრობისგან დახმარება მიიღონ, მაისის შუა რიცხვებიდან ამუშავდება. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს. 

სამინისტრო რომ პორტალზე მუშაობს, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ რუსთავი ორის ეთერში დღეს განაცხადა. ბარკალაიას თქმით, თვითდასაქმებულმა პირებმა საკუთარი პირადი მონაცემები აღნიშნულ პორტალზე უნდა ატვირთონ.

მისივე თქმით, თვითდასაქმებულებმა, რომლებიც არიან აღრიცხულები და რეგისტრირებულები შემოსავლების სამსახურში, (მაგალითად, მცირე და მიკრო მეწარმეების სტატუსი მქონეები, ინდმეწარმეები, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი პირები) - ონლაინპორტალზე უნდა ატვირთონ პერსონალური ინფორმაცია და საბანკო ანგარიში, სადაც თანხა ჩაერიცხებათ.

რაც შეეხება არაფორმალურ სექტორში დასაქმებულ პირებს, მათ აუცილებლად დასჭირდებათ ნებისმიერი სახის დოკუმენტი, რომელიც იურიდიული პირის მიერ იქნება გაცემული.

"ამ შემთხვევაში გარდა პირადი მონაცემებისა მათ უნდა განათავსონ იფნორმაცია, თუ რა ტიპის დასაქმებას ეწეოდნენ ისინი და რა შემოსავალი ჰქონდათ და ნებსიმიერი ტიპის დამადასურებელი დოკუმენტი, რომელიც რომელიც გაცემულია იურიდიული პირის მიერ", - ამბობს ბარკალაია.

რაც შეეხება ფიზიკურ პირებთან დასაქმებულ ადამიანებს, მაგალითად ძიძები ან მძღოლები, ბარკალაიას ინფორმაციით, ისინი მთავრობისგან დახმრებას ვერ მიიღებენ. 

მისივე თქმით, დამატებითი რეგისტრაცია არ სჭირდებათ უმუშევრად დარჩენილ იმ მოქალაქეებს, რომელთა შესახებაც ინფორმაცია შემოსავლების სამსახურს აქვს.

"შემოსავლების სამსახური მიიღებს ინფორმაციას დამსაქმებლებიდან იმ ადამიანების შესახებ, ვინც უმუშევრად დარჩენენ და შემოსავლების სამსახურიდან მიღებული სიების საშუალებით მოხდება თანხების გადარიცხვა", - ამბობს ბარკალაია.

საუბარია საქართველოს მთავრობის მიერ დახმარების სოციალურ პაკეტზე. ცნობისთვის საქართველოს მთავრობის ინიციატივით თვითდასაქმებულები, რომლებმაც კორონავირუსის პანდემიის გამო შემოსავალი დაკარგეს ერთჯერადად 300 ლარს მიიღებენ. ხოლო დაქირავებით დასაქმებული კი 6 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად 200 ლარს.

 

კომენტარები