ეკონომიკური გეგმა

ბოკერია: გადასახადების შემცირების გარეშე მეწარმეთა დიდ ნაწილს ფეხზე დადგომის შანსი არ აქვს

გიგა ბოკერია
ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია, მთავრობის ეკონომიკურ გეგმას აკრიტიკებს და სამ ძირითად საკითხზე ამახვილებს ყურადღებას. პირველი საპენსიო ფონდის საკითხია. ბოკერია ამბობს, რომ მთავრობას არანაირი არგუმენტი არ აქვს იმის ასახსნელად, თუ რატომ არ უბრუნებენ ხალხს კუთვნილ ფულს, ან რატომ არ აჩერებენ შენატანებს. 

"ვერცერთი არგუმენტი ვერ გვითხრეს, რატომ არ აძლევენ შანსს ადამიანებს, ასეთი გაჭირვების დროს, რომ მათი კუთვნილი ფული, თუ უნდათ, დაიბრუნონ. ან რატომ არ აჩერებენ ამ გადასახდს, საიდანაც ეს ფული იფლანგება რაღაც ფონდში მომავლისთვის", - ამბობს ბოკერია.

ბოკერია ამბობს, რომ გადასახადების არსებითი შემცირების გარეშე მეწარმეთა დიდ ნაწილს შანსი არ აქვს, რომ ფეხზე დადგნენ, თუნდაც მდგომარეობის გამოკეთების შემდეგ.

"ილუზია, რომ ამ გადასახადების ზღვრით, რაც გვაქვს, ეს ხალხი შეძლებს გადასახადების გადახდას, არის  სისულელე. გაკოტრდება ბევრი ადამიანი, ანუ ნაკლები ფული შევა ბიუჯეტში, თუ ასეთ მოთხოვნებს დავუყენებთ ხალხს", - ამბობს ის.

მესამე საკითხი, რაზეც ბოკერია საუბრობს, არის ის, რომ მთავრობას არ უსაუბრია იმ დეტალებზე, თუ საიდან მოდის ის ფული, რომლითაც მოსახლეობას დახმარებას დაპირდნენ.

"ჩვენს გეგმაში ეს გაწერილია, მილიარდ 700 მილიონით ვამცირებთ ბიუროკტარიულ და ინფრასტრუქტურულ ხარჯებს და გვჭირდება მილიარდ 100 მილიონი დოლარი გარე დახმარება. ორივე არის აბსოლუტურად რეალისტური ამოცანა", - ამბობს ბოკერია.

მთავრობამ სოციალურ-ეკონომიკური გეგმა 24 აპრილს წარადგინა. რომლის მიხედვითაც, უხელფასოდ დარჩენილი ადამიანები მიიღებენ 200 ლარიან დახმარებას 6 თვის განმავლობაში, თვითდასაქმებულები კი ერთჯერადად 300 ლარს. თუმცა, თვითდასაქმებულ ადამიანებს აუცილებლად სჭირდებათ რამე სახის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც იურიდიული პირის მიერ იქნება გაცემული. ფიზიკურ პირებთან დასაქმებული ადამიანები, მაგალითად მძღოლები ან ძიძები დახმარებას ვერ მიიღებენ. 

კომენტარები