ეკონომიკური გეგმა

ბაქრაძე: მთავრობის გეგმით, სამიდან ორი თვითდასაქმებული ვერ მიიღებს ვერანაირ დახმარებას

დავით ბაქრაძე
ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, ეკონომიკის კრიზისიდან გამოსაყვანად და მოსახლეობის დასახმარებლად სამ მილიარდ-ნახევარიანი პაკეტი არ არის საკმარისი. ევროპული საქართველოს გეგმა  6 მილიარდი ლარის დახმარებას ითვალისწინებს. 

ბაქრაძე ამბობს, რომ უხელფასოდ დარჩენილი ადამიანებისათვის საარსებო მინიმუმზე ნაკლები დახმარების მიცემა არ შეიძლება. თუმცა, მისივე თქმით, პრობლემა მხოლოდ ეს არ არის. ბაქრაძე ამბობს, რომ თუ საშუალო კლასს სოციალურად დაუცველების კატეგორიაში გადავიყვანთ, ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობა მოირღვევა.

ევროპული საქართველოს გეგმის მიხედვით, სამსახურის გარეშე დარჩენილ ადამიანებს 8 თვის განმავლობაში უნდა მისცენ ხელფასის ან დანაკლისის ნახევარი.

"დღეს უმუშევრად დარჩენილი ადამიანები წარმოადგენენ საშუალო კლასს, წარმოადგენენ იმ ხალხს, ვინც მუშაობდა ძირითადად კერძო სექტორში, ჰქონდათ ხელფასი და მათი მყიდველობითუნარიანობა იყო მაღალი. ვისზეც იდგა ჩვენი ეკონომიკის განვითარება.

თუ მათ დავეხმარებით მხოლოდ საარსებო მინიმუმით და გადავლენ სოციალურად დაუცველების კატეგორიაში, აღარ იქნება საშუალო კლასი და აღარ იქნება საყრდენი, რომელზეც დგას ქვეყნის სტაბილურობა ", - ამბობს ბაქრაძე.

რაც შეეხება თვითდასაქმებულების დახმარებას, ევროპული საქართველოს გეგმის მიხედვით, მათ 520 ლარიანი დახმარება უნდა მიიღონ. მათ შორის სოფლად მცხოვრებლებმა, სოციალურად დაუცველებმა და პენსიონერებმა.

"მთავრობა ითვალისწინებს მაქსიმუმ 250 000 თვითდასაქმებულის დახმარებას და ისიც მთელი რიგი ფორმალობების გავლის შემდეგ. საქათველოში არის 840 თვითდასაქმებული. ხელისუფლების გეგმა ნიშნავს, რომ სამიდან ორი ადამიანი ვერ მიიღებს ვერანაირ დახმარებას", - ამბობს ბაქრაძე.

მთავრობამ სოციალურ-ეკონომიკური გეგმა 24 აპრილს წარადგინა. რომლის მიხედვითაც, უხელფასოდ დარჩენილი ადამიანები მიიღებენ 200 ლარიან დახმარებას 6 თვის განმავლობაში, თვითდასაქმებულები კი ერთჯერადად 300 ლარს. თუმცა, თვითდასაქმებულ ადამიანებს აუცილებლად სჭირდებათ რამე სახის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც იურიდიული პირის მიერ იქნება გაცემული. ფიზიკურ პირებთან დასაქმებული ადამიანები, მაგალითად მძღოლები ან ძიძები დახმარებას ვერ მიიღებენ. 

კომენტარები