ეკონომიკური გეგმა

ბოკერია: ვინც საშემოსავლოს იხდიდა უნდა მივცეთ ხელფასის ნახევარი, დანარჩენს - მოჭრილი თანხა

ტაბულა

"ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორი გაუაზრებელი და საზიანოა ის ე.წ გეგმა, რაც გახარიას ივანიშვილის გუნდმა საზოგადოებას წარუდგინა", - ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ეხმიანება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებებს, სადაც ის ამბობს, რომ ფიზიკურ პირებთან მომუშავე ადამიანების მთავრობისგან დახმარებას ვერ მიიღებენ. 

ბოკერიას თქმით, იქ, სადაც რთულია ვითარების გარკვევა და დიფერენციაცია უნდა იყოს ერთნაირი მიდგომა, ხოლო იქ, სადაც მარტივია, მაგალითად საშემოსავლო გადასახადს ვინც იხდის, შესაძლებელია მკაფიო კრიტერიუმი იყოს.

"ევროპული საქართველოს გეგმაში სწორედ ასე არის, შემოსავლის ნახევარი უნდა ავუნაზღაუროთ იმას, ვინც დაკარგა ხელფასი და საშემოსავლოს იხდიდა, ყველა დანარჩენს უნდა მივცეთ მოჭრილი თანხა. იმიტომ, რომ იქ მხოლოდ ქაოსს და ნეპოტიზმის, ჩაწყობის და კორუფციის განცდას გამოიწვევს ის, რომ უნდა არკვიო ვინ არის დასაქმებული და როგორ ან რანაირად, თვითდასაქმებულთა შორის", - ამბობს ბოკერია.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ დღეს თქვა, რომ უმუშევრობის კომპენსეციას ფიზიკურ პირებთან დასაქმებული ადამიანები, მაგალითად, ძიძები, მძღოლები, ვერ მიიღებენ, რადგან დახმარები მისაღებად აუცილებელია რაიმე სახის დოკუმენტის წარდგენა, რომელიც იურიდიული პირის მიერ იქნება გაცემული. 

საქართველოს მთავრობის ინიციატივით თვითდასაქმებულები, რომლებმაც კორონავირუსის პანდემიის გამო შემოსავალი დაკარგეს ერთჯერადად 300 ლარს მიიღებენ. ხოლო დაქირავებით დასაქმებული კი 6 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად 200 ლარს.

კომენტარები