კახა კალაძე

კალაძე: ოცნება არის ძალა, ვისაც რეალურად აქვს შანსი, დიდი უმრავლესობით მოვიდეს პარლამენტში

თბილისის მერი კახა კალაძე, Edison Research-ის გამოკითხვას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც პარტია ქართული ოცნების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვს გამოკითხულთა 67%-ს, პოზიტიური კი მხოლოდ 33%-ს. კალაძის შეფასებით, კონკრეტული კვლევითი ორგანიზაციების მიზანი საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებაა. 

მისი შეფასებით, ქართული ოცნება ერთადერთი რეალური ძალაა ქვეყანაში, რომელსაც პარლამენტში დიდი უმრავლესობით მოსვლის შანსი აქვს. 

"ქართული ოცნება არის ერთადერთი ძალა ქვეყანაში ვისაც რეალურად აქვს იმის შანსი, რომ ძალიან დიდი უმრავლესობით მოვიდეს პარლამენტში, ყოველგვარი კოალიციების გარეშე. 

2011 წლიდან მოყოლებული, შეგიძლიათ ამოიღოთ კვლევების სტატისტიკა და ნახოთ, როგორ მანიპულირებდნენ კონკრეტული კვლევითი ორგანიზაციები საზოგადოებრივ აზრზე, რა შედეგებს დებდნენ, ვის სასარგებლოდ დებდნენ და რა შედეგები იდებოდა არჩევნებში". - ამბობს კალაძე. 

Edison Research-ის გამოკითხვის მიხედვით, კითხვაზე "ვის მისცემდით ხმას ვაკის მაჟორიტარულ ოლქში, არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს" გამოკითხულთა 46% ასახელებს ევროპული საქართველოს წევრს, ოპოზიციის კანდიდატს, ელენე ხოშტარიას .

31% ამბობს, რომ მხარს ქართული ოცნების კანდიდატს დაუჭერდა, 4% კი ამბობს, რომ სხვა კანდიდატს. პასუხზე უარი გამოკითხულთა 19%-მა თქვა.

კვლევა ჩატარდა 23 ივნისიდან 13 ივლისამდე პერიოდში და შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა 2 000 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.1%-ია.

Edison Research-ის გამოკითხვის მიხედვით, კითხვაზე "საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას" გამოკითხულთა 39% პასუხობს, რომ ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, 16% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 5% ევროპულ საქართველოს. დანარჩენი შედეგები კი შემდეგნაირად ნაწილდება:

ლეიბორისტული პარტია 3%, ლელო - 3%, ახალი საქართველოსთვის - 3%, პატრიოტთა ალიანსი - 3%, გირჩი - 2%, მოქალაქეები (ალეკო ელისაშვილი) - 2%, დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის (ნინო ბურჯანაძე) - 1%, გამარჯვებული საქართველო (ირაკლი ოქრუაშვილი) - 1%, სამართლიანობისთვის (ეკა ბესელია) - 1%, თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა) - 1%.

გამოკითხულთა 20%-ს გადაწყვეტილი არ აქვს, ვის მისცემს ხმას.

კომენტარები