აივ/შიდსი

31 ივლისის მონაცემებით საქართველოში აივ ინფიცირების 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ინფორმაციით, 2020 წლის 31 ივლისის მონაცემებით, საქართველოში აივ ინფიცირების 314 შემთხვევა აღირიცხა. შარშან ამავე პერიოდში 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

სულ შიდსის ცენტრში, დღეისათვის, რეგისტრირებულია 8416 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 6283 მამაკაცია და 2133 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4340 პაციენტს განუვითარდა, 1726 გარდაიცვალა.

მკურნალობას იტარებს 5220 პაციენტი.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 

  • 36.8 % (3099) – ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 
  • 48.9 % (4112) – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 
  • 12.0 % (1008) – მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 
  • 1.3 % (109) – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით;
  • 0.5 % (41) – სისხლის რეციპიენტია; 
  • 0.6 % (47) – გადაცემის გზა დაუდგენელია;

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3128 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა, 2 დაუდგენელი); სამეგრელოში – 1156; იმერეთში – 1011; აჭარაში – 964; აფხაზეთში – 527; კახეთში – 415; ქვემო ქართლში – 481; შიდა ქართლში – 308; გურიაში – 179; სამცხე-ჯავახეთში – 112 და ა.შ. 

2020 წელს გარდაიცვალა 76 აივ ინფიცირებული. მათ შორის 58 მამაკაცია და 18 ქალი.

სულ საქართველოში გამოვლენილია 116 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 70 – ვაჟი, 46 – გოგონა.

ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნებოდა ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია. ბოლო ორი წლის მონაცემებით კი შემთხვევათა რიცხვი საგრძნობლად იკლებს.

  • 2014 წელს – 564;
  • 2015 წელს – 717;
  • 2016 წელს – 719;
  • 2017 წელს – 631;
  • 2018 წელს – 672; 
  • 2019 წელს – 352;

რა არის აივ/შიდსი

აივ, იგივე ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი. შიდსი – შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი – ეს არის ვირუსი, რომელიც მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში აღმოაჩინეს, როდესაც ის 1980 წლებში აშშ-ში გავრცელდა. ამ ქვეყანაში ის, სავარაუდოდ, შემოვიდა აფრიკიდან , საიდანაც სამედიცინო მიზნებისთვის სისხლის იმპორტი ხდებოდა. სისხლის ნაწილი, სავრაუდოდ, აივ/შიდსით-ით იყო ინფიცირებული. 

ვირუსით ინფიცირებიდან 2-4 კვირის განმავლობაში, გრიპის მსგავსი სიმპტომებით ვითარდება. ამას ე.წ „ფანჯრის პერიოდი“ ეწოდება და თუ ადამიანი ანალიზს დაინფიცირებიდან 2-4 კვირის შუალედში გაიკეთებს, შესაძლოა აივ-ზე უარყოფითი პასუხიც მიიღოს, ამიტომ, შესაბამისი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ანალიზის ხელახლა გაკეთება აუცილებელია. 

მას შემდეგ, რაც აივ ინფექცია ორგანიზმში მოხვდება, მთავარი სამიზნე CD4, ე.წ იმუნიტეტის უჯრედები ხდება. აივ ვირუსის უჯრედები სწორედ იმუნიტეტის უჯრედებს აზიანებს, რაც საბოლოოდ მათ კვდომას იწვევს. ამას კი, ადამიანის ორგანიზმის იმუნური სისტემა დასუსტებამდე მიჰყავს. 

სისხლში CD4-ის რაოდენობა 600-დან 1200 ერთეულამდე მერყეობს, აივ-ის "შეტევის"შედეგად კი მათი რაოდენობა მცირდება. როდესაც იმუნიტეტის უჯრედები 500-ს ჩამოსცდება, რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება, რომელიც საქართველოში უფასოა. 

იმ შემთხვევაში კი, თუ ამ უჯრედების რაოდენობა 200-ზე ნაკლები გახდა, ვითარდება შიდსი, რომელიც განკურნებას არ ექვემდებარება. 90-იან წლებში, შიდსის ეტაპზე ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა 18 თვემდე მერყეობდა, ახლა კი, მკურნალობის დახმარებით, შიდსის ეტაპზე მყოფი ადამიანების სიცოცხლე ათწლეულებიც შეიძლება გაგრძელდეს.  

აივ-ით ინფიცირების რისკის მაღალ ჯგუფს მიეკუთვნებიან: 

  • მამაკაცები რომელთაც აქვთ სექსი მამაკაცებთან (მსმ)
  • ინექციური ნარკოტიკის მომხმარებლები
  • სექსმუშაკები

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის გადაცემა ხდება სისხლით, სპერმით, ვაგინალური სეკრეტითა და დედის რძით.

გადაცემას ასევე იწვევს შიდსით დაავადებულთან დაუცველი (კონდომების გამოყენების გარეშე) სქესობრივი კავშირი და კონტაქტი სხვა სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებულ პარტნიორთან, რაც ინფექციის გადაცემის რისკს ზრდის. ასევე, რისკფაქტორია ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისას დაბინძურებული შპრიცების გამოყენება. 

აივ ინფექციის გადაცემა შეიძლება მოხდეს:

  • დაუცველი სქესობრივი კონტაქტის დროს
  • შიდსით დაავადებული დედიდან  შვილზე ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს
  • დაბინძურებული ნემსების ან სხვა ბასრი საგნების ჩხვლეტისას (რისკ-ჯგუფს სამედიცინო პერსონალი წარმოადგენს)
  • ჰემოტრანსფუზიის დროს (ინფიცირებული სისხლის ან მისი პროდუქტების გადასხმისას)
  • ტრანსპლანტაციის დროს (ორგანოების ან ქსოვილების გადანერგვისას)

ვირუსი არ გადაეცემა: 

  • წყლით
  • ჰაერით
  • მწერებით
  • ნერწყვით, ოფლით ან ცრემლით.
  • ხელის ჩამორთმევით
  • საერთო საკვების ან ჭურჭლის გამოყენებით
  • კოცნით
  • საერთო ტუალეტით ან აბაზანით სარგებლობისას

კომენტარები