ბელარუსი

პუტინი მერკელს: ბელარუსის შიდა საქმეებში ჩარევის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელი იქნება

AJ

გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მათ ბელარუსში მიმდინარე ამბები განიხილეს.

პუტინმა მერკელს უთხრა, რომ ბელარუსის შიდა საქმეებში ჩარევის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლი 18 აგვისტოს ავრცელებს. 

ვლადიმერ პუტინმა გერმანიის კანცლერთან საუბარში აღნიშნა, რომ ამის მსგავსი რაიმე შემთხვევა ბელარუსის პოლიტიკური კრიზისის ესკალაციამდე მივა. 

გერმანიის კანცლერის სპიკერის განცხადებით, პუტინთან საუბარში მერკელმა თქვა, რომ ბელარუსის მთავრობამ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ თავიდან უნდა აიცილოს ძალის გამოყენება.

"კანცლერმა განაცხადა, რომ ბელარუსის მთავრობამ თავიდან უნდა აირიდოს ძალის გამოყენება მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, ოპოზიციასთან და საზოგადოებასთან ეროვნული დიალოგი დაიწყოს, რათა გადალახოს ეს კრიზისი." – ამბობს მერკელის სპიკერი.

აღსანიშნავია, რომ პუტინისა და ლუკაშნეკოს სატალეფონო საუბრის შემდეგ კრემლში განაცხადეს, რომ ვლადიმირ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტს განუცხადა, რომ მზად არიან დახმარება გაუწიონ კოლექტიური სამხედრო პაქტის ფარგლებში.

მოქალაქეებმა შენიშნეს სამხედრო კოლონაც, რომელსაც სანომრე ნიშნები არ ჰქონდა და მინსკის მიმართულებით გადაადგილდებოდა.

ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მას დაპირდა, რომ საჭიროების შემთხვევაში ბელარუსში უსაფრთხოების შენარჩუნებაში დაეხმარება.

აღსანიშნავია, რომ ბელარუსის შეიარაღებული ძალები 17-21 აგვისტოს ბელარუსისა და ლიტვის სასაზღვრო ოსტროვცის რეგიონში არსებულ პოლიგონებზე ტაქტიკურ წვრთნებს ჩაატარებენ. ინფორმაცია ამის შესახებ ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი ამბობს, რომ ბელარუსისადმი რუსეთის სამხედრო დახმარება ქვეყანაში შეჭრა იქნება.

უკვე კვირაზე მეტია, რაც ბელარუსში აქციები მიმდინარეობს. აქციები 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, რომელშიც ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80%-ზე მეტი აიღო. ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს.

17 აგვისტოს, ევროპარლამენტარებმა, ევროპის სახალხო პარტიის, სოციალისტებისა და დემოკრატების, განაახლე ევროპის, მწვანეების და ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების პრეზიდენტებმა ერთობლივ განცხადება გაავრცელეს ბელარუსში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ისინი ხელახალი, თავისუფალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ და გმობენ მშვიდობიანი მომიტინგეების წამებას და მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენებას.

ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც და სიტუაციას საშინელი უწოდა. მან თქვა, რომ აშშ ახლოდან დააკვირდება მოვლენების განვითარებას.

ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვს, რომელმაც დღეს, 17 აგვისტოს გაფიცულ მუშებთან შეხვედრის დროს თქვა, რომ სანამ არ მოკლავენ, ახალ არჩევნებს არ დანიშნავს.

კომენტარები