11 სექტემბერს პოლონეთის პრემიერმინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ ევროკავშირის სამიტზე განაცხადა, რომ ვიშეგრადულ ოთხეულს – პოლონეთს, უნგრეთს, ჩეხეთს და სლოვაკეთს, სურთ, რომ ბელარუსი მოქალაქეებისთვის ამ ქვეყნებში უვიზოდ შესვლის იდეა წამოაყენონ და ქვეყანას ახალი მხარდაჭერის პაკეტი გამოუყონ.
"ჩვენ გვინდა სამომავლოდ ეკონომიკური თანამშრომლობის შეთავაზების წამოყენება... ჩვენ გვსურს, რომ შევთავაზოთ უვიზოდ შესვლა ბელარუს მოქალაქეებს და ეკონომიკური პაკეტი ბელარუსის მომავლისთვის", – განაცხადა მან ქალაქ ლუბლინში.
9 სექტემბერს მატეუშ მორავიეცკი შეხვდა ბელარუს ოპოზიციონერებს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას და ოლღა კოვალკოვას.
ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს არჩევნების შემდეგ დაიწყო. მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, რომელთა თანახმადაც ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმათა 80%-ზე მეტი დააგროვა.
ოპოზიციონერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ არჩევნების შემდეგ ქვეყანა დატოვა და კვლავ ლიტვაში იმყოფება. ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ ბელარუსში დაბრუნებას აპირებს, თუმცა მხოლოდ მაშინ, როცა თავს უსაფრთხოდ იგრძნობს.
კოვალკოვას თქმით, 6 სექტემბერს ის იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა - მაღალჩინოსნებმა მას უთხრეს, რომ კიდევ დააპატიმრებენ, თუ ქვეყანას არ დატოვებს. ამჟამად ის პოლონეთშია.
ნობელიატი მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს უკანასკნელი წევრია, რომელიც არ დაუპატიმრებიათ და რომელიც ბელარუსში რჩება.
გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირი ბელარუსის ხელისუფლების 31 წევრს, მათ შორის, ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრს, ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს. ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს და მთავრობის 29 წევრს სამოგზაურო შეზღუდვები უკვე დაუწესეს. ამჟამად აშშ ბელარუსი მაღალჩინოსნებისთვის არჩევნების გაყალბებისა და მომიტინგეებზე ძალადობისთვის სანქციების დაწესებას განიხილავს.