ბოლნისი

შსს: "ოცნების" აქტივისტებზე ძალადობისთვის ენმ-ის აქტივისტის დაკავების საშუალება არ მოგვცეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების აქტივისტებზე ძალადობისთვის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტის არიფ იუსუფოვის დასაკავებლად მისულ სამართალდამცავებს ამის საშუალება ოჯახმა და მეზობლებმა არ მისცეს. 

"ადგილზე მისულ პოლიციელებს ა.ი.-ს ოჯახის წევრებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ წინააღმდეგობა გაუწიეს და არ მისცეს მისი დაკავების საშუალება." - წერია განცხადებაში. 

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციის საქმიანობისთვის ხელის შეშლას გულისხმობს. 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების აქტივისტები ერთმანეთს 27 სექტემბერს დაუპირისპირდნენ.  

ენმ და ქართული ოცნება თავდასხმაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს ოლქებში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის თქმით, თავდამსხმელები, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ ისროდნენ.

ქართული ოცნების ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის ინფორმაციით კი, ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, ქართული ოცნების 10-მდე აქტივისტი დაშავდა, მათ შორის 2-ის მდგომარეობა მძიმეა. მისი მტკიცებით, თავდასხმის ინციატორი ენმ-ს ადგილობრივი ლიდერი, არიფ იუსუფოვია.

კომენტარები