თბილისის ზღვის ჰოსპიტალი

შსს: თბილისის ზღვის ჰოსპიტალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის ზღვის ჰოსპიტალზე განხორციელებული ყაჩაღობის ფაქტზე დაკავებულია 2 პირი. წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ორი პირი – 1984 წელს დაბადებული ვ.ნ. და 1973 წელს დაბადებული ი.წ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 1 დეკემბერს "ტტ"-ს სისტემის პისტოლეტითა და სანადირო თოფით შეიარაღებული ვ.ნ. და ი.წ. ყაჩაღურად თავს დაესხნენ თბილისის ზღვის ჰოსპიტალს. თავდამსხმელებმა ჰოსპიტლის დარაჯის მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელეს, რის შედეგადაც დაზიანდა მიმღების შესასვლელი კარების მინა, შემდეგ მათ შენობაში შეაღწიეს, მიმღები განყოფილების სალაროდან უკანონოდ დაეუფლნენ 3500 ლარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ". – ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნახეთ, როგორ დაუხვდა ყაჩაღებს თბილისის ზღვის ჰოსპიტლის დაცვის თანამშრომელი.

კომენტარები