არჩევნები 2020

ენმ ISFED-ზე: საეჭვო დამთხვევა აჩენს ეჭვს, რომ ხელისუფლებას ინფორმაციაზე უკანონო წვდომა ჰქონდა

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ISFED-ის PVT-ს განახლებულ შედეგებს ეხმაურება. 

ნაციონალური მოძრაობის შეფასებით, არჩილ თალაკვაძისა და ირაკლი კობახიძის განცხადებები PVT-ს "ხარვეზებისა" და გადამოწმების აუცილებლობასთან დაკავშირებით საეჭვოდ დაემთხვა, მაშინ, როდესაც ამის შესახებ ამ არასამთავრობო ორგანიზაციის წამომადგენლებს ჯერ კიდევ საჯარო განცხადება არ ჰქონდათ გაკეთებული. განცხადების მიხედვით, ასეთი ტიპის დამთხვევა აჩენს ეჭვებს, რომ ხელისუფლებას ინფორმაციაზე უკანონო წვდომა ჰქონდა და, მათივე შეფასებით, დიდი ალბათობით, ეს მოხდა უკანონო მიყურადების შედეგად, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ პროცესის სანდოობას. 

"PVT-ს მეთოდოლიგია ითვალისწინებს შემთხვევითი შერჩევის წესით განსაზღვრულ უბნებში დაწერილი ოქმების დაჯამებას. შესაბამისად, ხმების პარალელური დათვლა ვერ ახდენს უბანზე არსებული დარღვევების (კარუსელი, ბიულეტენების ჩაყრა, ბიულეტენში ჩანაწერების გაყალბება) მონიტორინგს ან პრევენციას. სწორედ ამიტომ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მტკიცება არჩევნების მასშტაბურად გაყალბების შესახებ ეფუძნებოდა არა PVT-ს პირველად შედეგებს, არამედ მთელ საარჩევნო პროცესზე დაკვირვების, საარჩევნო დღისა და ხმების დათვლის პროცესის განმავლობაში უამრავი დარღვევის შესახებ მიღებულ ვიდეო-, აუდიო- თუ წერილობით მტკიცებულებებს, რომელთა შესახებაც ჩვენ საზოგადოებას ინფორმაციას მუდმივად ვაწვდიდით. მაგალითისთვის - 2000-ზე მეტ ოქმში დისბალანსია, არჩევნების პროპორციულ ნაწილში 3000-ზე მეტი ბიულეტენია დაკარგული, ყველა ეს ბიულეტენი პოტენციურად კარუსელის განხორციელების წინაპირობაა, აღარ ვსაუბრობთ ჩაყრის და ამომრჩეველზე ზეწოლის ვიდეომტკიცებულებებზე. 

ISFED-ის ჩასწორებულ განცხადებაში მკაფიოდ აღნიშნულია: "მონიტორინგის შედეგად ორგანიზაცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს მიიჩნევს ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაბალი სტანდარტით ჩატარებულ არჩევნებად, რაც, მათ შორის, გამოიხატა საარჩევნო უბნების ოქმების 8%-ში აღმოჩენილ დისბალანსში." ამ ფარგლების დისბალანსის პირობებში, რომელიც, ცხადია, რომ სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ მოხდა, იძლევა 4%-იან ცდომილებას. არსებულ კითხვებს სამართლიანი არჩევნების წამომადგენლებმა ღიად, საჯაროდ და სრულყოფილად უნდა გასცენ პასუხი. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო ეს უნდა მოხდეს დროულად და არა მხოლოდ წერილობითი ფორმით". - წერია ნაციონალური მოძრაობის განცხადებაში. 

სამართლიანი არჩევნების (ISFED) ცნობით, შიდა აუდიტით გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში, რომლის შედეგადაც ქართულ ოცნებას არჩევნებზე ხმების 45.8%-ის ნაცვლად 47.6% აქვს. სამართლიან არჩევნებში აცხადებენ, რომ ეს სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.

ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორის, ელენე ნიჟარაძის თქმით, "ძალიან მძიმე იყო ამ განცხადების გამოქვეყნება" და 2012 წლიდან სამართლიან არჩევნებს "ასეთი მძიმე გამოწვევა" არ ჰქონია.

სამართლიანი არჩევნები საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაციას წარმოადგენს, რომლის ცდომილების ხარისხი 0.7%-ია:

  • ქართული ოცნება – 47.6%

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია – 27.4%

  • ევროპული საქართველო – 3.8%

  • პატრიოტთა ალიანსი – 3.2%

  • ლელო – 3.2%

  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3.1%

  • გირჩი – 3.0%

  • მოქალაქეები – 1.3%

  • ლეიბორისტული პარტია – 1.0%

  • ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო – 0.9%

სამართლიანი არჩევნების 1-ელ ნოემბერს გამოქვეყნებული შედეგებით, საპარლამენტო არჩევნებში ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% მიიღო, ენმ-ძალა ერთობაშიამ – 26.4%, ევროპულმა საქართველომ – 3.7%. ცდომილების ხარისხი ამ შემთხვევაშიც 0.7%-ია.

  • პატრიოტთა ალიანსი – 3.1%
  • ლელო – 3.1%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3.0%
  • გირჩი – 2.8%
  • მოქალაქეები – 1.3%
  • ლეიბორისტული პარტია – 1.0%
  • ნინო ბურჯანაძე ერთიანი საქართველო – 0.9%

მმართველი გუნდის შეფასებით, Isfed-ის განცხადების შემდეგ მოლაპარაკებების რეალობა შეიცვალა და ოპოზიციამ ბოდიში უნდა მოიხადოს.

ვროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას აზრით კი, მმართველმა პარტიამ ეს ხარვეზი, დიდი ალბათობით, უკანონო მიყურადებით იცოდა და მოლაპარაკებებისას გადათვლის შემოთავაზება "მახის დაგება" იყო.მისივე თქმით, PVT ვერანაირად ვერც აკონტროლებს და ვერც ზომავს ჩაყრას და კარუსელს.

იმას, რომ პარალელური დათვლა (PVT) ვერ ავლენს ამომრჩეველთა მოსყიდვას, დაშინებას, კარუსელსა და ოქმების შემდეგ გადაკეთებას, ამბობს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელი, გიორგი მშვენიერაძეც. კოალიცია ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისთვის წევრი, ირაკლი მელაშვილი კი წერს, რომ PVT არჩევნების გაყალბება-არგაყალბების შეფასების უნივერსალური მექანიზმი არ არის.

კომენტარები