შარლი ებდო

შარლი ებდოზე თავდამსხმელ ტერორისტებთან დაკავშირებული 14 პირი დამნაშავედ ცნეს

EPA

ოთხშაბათს, 16 დეკემბერს, სასამართლომ შარლი ებდოზე და ებრაულ მაღაზიაზე თავდასხმაზე პასუხისმგებელი ისლამისტი ტერორისტების 14 თანამზრახველი დამნაშავედ ცნო.

14 პირს ბრალად ედებოდა ისლამისტი თავდამსხმელების დახმარება, რომლებმაც 2015 წლის იანვარში სატირული გამოცემის ოფისში 12 ადამიანი მოკლეს. გამოცემაზე თავდასხმა ორმა პირმა მოაწყო. ისინი პოლიციელებმა მოკლეს. კიდევ ერთმა თავდამსხმელმა ამავე პერიოდში თავდასხმა მოაწყო ებრაულ მაღაზიაზეც და მოკლა პოლიციელი. 3 დღის განმავლობაში მათ სულ 17 პირი მოკლეს. 2015 წლის იანვრის შემდეგ საფრანგეთში რამდენიმე ტერორისტული თავდასხმა მოხდა. დაიღუპა 250-ზე მეტი ადამიანი.

ბრალდებულებიდან ორ ადამიანს ჰაიატ ბუმედიენსა და ალი რიზა პოლატს სასამართლომ 30 წელი მიუსაჯა. ბუმედიენი ამედი კულიბალის ცოლი იყო. კულიბალი 2015 წელს ებრაულ მაღაზიას დაესხა თავს და პოლიციელი მოკლა. ბუმედიენი ტერორიზმის დაფინანსებასა და კრიმინალური ტერორისტული ქსელის წევრობაში ცნეს დამნაშავედ. ის პროცესზე დაუსწრებლად გაასამართლეს. მიიჩნევა, რომ ის სირიაშია და ე.წ ისლამურ სახელმწიფოს წევრი გახდა. ალი რიზა პოლატი კულიბატის ახლო მეგობარი და მარჯვენა ხელი იყო.

დანარჩენ ბრალდებულებს სხვადასხვა სიმძიმის დანაშაულებებში დაუმტკიცდათ ბრალეულობა.

სასამართლო პროცესი სექტემბრის დასაწყისში დაიწყო. ამ პერიოდში შარლი ებდომ ხელახლა დაბეჭდა მუჰამედის კარიკატურა, რომლის გამოც ტერორისტები გამოცემას 2015 წელს დაესხნენ თავს. SITE Intelligence Group-მა 11 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამოცემას ისევ ემუქრებიან. 25 სექტემბერს შარლი ებდოს ყოფილ ოფისთან დანით თავდასხმა მოხდა. პოლიციის თანახმად, თავდამსხმელის სამიზნე შარლი ებდო იყო

2015 წლის თავდასხმის შემდეგ შარლი ებდოს ოფისი საიდუმლო ლოკაციაზე გადავიდა.

2015 წლის 7 იანვარს ძმები საიდ და შერიფ კუაშები შარლი ებდოს რედაქციაში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. მთლიანობაში თავდასხმას 12 ადამიანის, მათ შორის ჟურნალის მთავარი რედაქტორის, წამყვანი კარიკატურისტებისა და ორი პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ალ-ქაიდამ და ე.წ ისლამურმა სახელმწიფომ აიღეს.

კომენტარები