აქტივისტების დაკავება

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან 10 აქტივისტი დააკავეს

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 10 სამოქალაქო აქტივისტი დააკავა. ისინი ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები. 

აქტივისტები უწყებასთან გიორგი მუმლაძის გათავისუფლების მოთხოვნით ატარებდნენ აქციას, რა დროსაც პოლიციელებთან დაპირისპირება მოხდა.

სამართალდამცველებმა დღეს, 14 აპრილს, ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან 5 სამოქალაქო აქტივისტი, ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე წარწერების გაკეთების გამო დააკავა, მათ შორის გიორგი მუმლაძეც. ისინი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის 5-დღიანი კარანტინის გაუქმებას მოითხოვდნენ. 5-ვე აქტივისტი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

მოგვიანებით შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ  ქართული ოცნების ოფისთან მიმდინარე აქციაზე, გ.მ.-მ [გიორგი მუმლაძემ] პოლიციის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ის პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები