ავტოავარია

მძღოლს, რომელიც თბილისში 8 წლის ბავშვს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა

ჩემი ქალაქი მკლავს/Fb.com

მძღოლს, რომელიც შარტავას ქუჩაზე 8 წლის ბავშვს დაეჯახა, პატიმრობა შეეფერდა - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს.

"საქმის მასალების თანახმად, 2022 წლის 31 მარტს, თბილისში,  შარტავას ქუჩაზე ბრალდებული, რომელიც მართავდა BMW-ს მარკის ავტომობილს, ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, გადააჭარბა კანონით განსაზღვრული მაქსიმალური  სიჩქარის ზღვარს და მეორე სამოძრაო ზოლიდან პირველ სამოძრაო ზოლში გადასვლის მანევრი განახორციელა, რა დროსაც დაეჯახა მოძრავ ავტომობილს.

შეჯახების შედეგად მართვადაკარგული BMW გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან, ავარდა ტროტუარზე სადაც დაეჯახა ქვეითად მდგომ არასრულწლოვანს", - წერია განცხადებაში.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2022 წლის  19 მაისს, 14:00 საათზე გაიმართება.

8 წლის ბიჭს ავტოავარიის შემდეგ, მარჯვენა ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა. 31 მარტს, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ამბობდნენ, რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო.

კომენტარები