იტალია

იტალიის საგარეო მინისტრმა, უკრაინაზე აზრთა სხვადასხვაობის შემდეგ, პარტია დატოვა

ლუიჯი დი მაიო

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუიჯი დი მაიომ, რამდენიმე პარლამენტართან და სენატორთან ერთად, დატოვა კოალიციური მთავრობის უდიდესი პარტია, 5 ვარსკვლავი, შედეგად, პარტიამ კოალიციაში უმრავლესობა დაკარგა. 

გასულ დღეებში დი მაიო აკრიტიკებდა იტალიის ყოფილ პრემიერმინისტრსა და პარტია 5 ვარკსვლავის ახლანდელ ლიდერს, ჯუზეპე კონტეს უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემისგან თავის შეკავების გამო. დი მაიოსა და პარტიის ხელმძღვანელობას, განსაკუთრებით, კონტეს შორის უთანხმოება უკვე დიდი ხანია რაც არსებობდა, თუმცა, როგორც ჩანს, უკრაინის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა გაყოფის ერთ-ერთი ბოლო მიზეზი გახდა.

"აუცილებლად უნდა ავირჩიოთ ისტორიის რომელ მხარეს ვიქნებით: უკრაინის, რომელსაც თავს დაესხნენ, თუ აგრესორი რუსეთის. 5 ვარსკვლავის ზოგიერთი ლიდერის პოზიცია ჩვენი ქვეყნის დასუსტების საფრთხეს ქმნიდა". – თქვა დი მაიომ, როდესაც პარტიის დატოვებაზე საუბრობდა. 

როგორც ჩანს, დი მაიო საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას არ ტოვებს.

დი მაიო, რომელიც 5 ვარსკვლავის პირველი ლიდერი და იტალიის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, პარტიის დატოვების შემდეგ ახალ მოძრაობას აარსებს, რომელსაც ერქმევა ერთად მომავლისთვის. დი მაიო და მასთან ერთად წამოსული სენატორები და დეპუტატები კოალიციაში რჩებიან.

პარტიის გაყოფამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას იტალიის პრემიერმინისტრის, მარიო დრაგის კოალიციურ მთავრობას. 

გასულ დღეებში ლუიჯი დი მაიომ საკუთარი პარტია ხ5 ვარსკვლავის მოძრაობა უკრაინისთვის მხარდაჭერის ძალისხმევის ძირის გამოთხრასა და ევროკავშირში იტალიის პოზიციის შესუსტებაში დაადანაშაულა. პარტიის ლიდერი, ჯუზეპე კონტე ამბობდა, რომ იარაღის გადაცემა ომს ასაზრდოებდა და უკრაინას რუსეთთან დიალოგისკენ მოუწოდებდა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, დი მაიოს გაჰყვა 51 დეპუტატი და 11 სენატორი, შესაბამისად, მმართველ კოალიციაში ადგილების ბალანსი 5 ვარსკვლავის საწინააღმდეგოდ გადანაწილდა. 

ყვითელი - 5 ვარკსვლავის სენატორები და დეპუტატები
დაშტრიხული - სენატორები და დეპუტატები, რომლებიც დი მაიოს გაჰყვნენ

 

კომენტარები