თავდასხმა ვატო წერეთელზე

საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ძალადობისა და მუქარის მუხლებით დაიწყო

საქართველოს პროკურატურა 30 ივნისს აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე ტელეკომპანია პირველის დამფუძნებელ ვატო წერეთელსა და ქართული ოცნების დეპუტატებს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.   

პროკურატურამ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო - 126-ე და 151-ე მუხლებით, რაც ძალადობასა და მუქარას გულისხმობს. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ს საელჩოსგან მიიღეს ნოტა, რომელშიც მათი მხრიდან გამოხატულია მზაობა ინციდენტის გამოძიების მიმართულებით საელჩოსა და საელჩოს პერსონალის დიპლომატიური იმუნიტეტის გათვალისწინებით, დიპლომატიური არხების გამოყენებით ითანამშრომლონ საქართველოს შესაბამის უწყებებთან. 

უწყების განცხადებას სრულად გთავაზობთ: 

მიმდინარე წლის 30 ივნისს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე გამართულ ოფიციალურ მიღებაზე საქართველოს პარლამენტის წევრების მონაწილეობით მომხდარი ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 151-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

მომხდარ ფაქტზე გამოძიების დაწყებამდე, საქართველოს პროკურატურა აქტიურ კომუნიკაციაში იყო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შესაბამის წარმომადგენლებთან არსებული სამართლებრივი საკითხების გადაჭრის მიზნით, მათ შორის - მოცემული ინციდენტის შესასწავლად აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩასატარებლად, საელჩოს კუთვნილ ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით.

მიმდინარე წლის 15 ივლისს, პროკურატურაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით შემოვიდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ნოტა, რომელშიც მათი მხრიდან გამოხატულია მზაობა დიპლომატიური მისიის ტერიტორიაზე, 30 ივნისს მომხდარი ინციდენტის გამოძიების მიმართულებით საელჩოსა და საელჩოს პერსონალის დიპლომატიური იმუნიტეტის გათვალისწინებით, დიპლომატიური არხების გამოყენებით ითანამშრომლონ საქართველოს შესაბამის უწყებებთან.

ხსენებული ნოტის მიღების შემდეგ, საქართველოს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც აქტიურად ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება.

გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შპს ტელეკომპანია პირველის დამფუძნებლის ვახტანგ წერეთლის განცხადება, რომელშიც მიუთითებდა საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ მის მიმართ ჩადენილ სავარაუდო ძალადობაზე. საქართველოს გენერალურ პროკურატურას განცხადებით ასევე მომართა საქართველოს პარლამენტის წევრმა ანრი ოხანაშვილმა, რომელიც მიუთითებს ვახტანგ წერეთლის მიერ მის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო მუქარაზე. საქმეზე ასევე შემოსულია საქართველოს პარლამენტის წევრის, ლევან მგალობლიშვილის შეტყობინება, რომელშიც მის მიმართ მომხდარ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე მიუთითებდა.

ვინაიდან, ზემოაღნიშნულ პირთა განცხადებებში მითითებული ყველა ფაქტი უკავშირდება 30 ივნისს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე გამართულ ოფიციალურ მიღებაზე მომხდარ ძალადობისა და მუქარის ფაქტს, მათი შესწავლა განხორციელდება მოცემული სისხლის სამართლის საქმეში.

დღეს, 18:00 საათზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით დაბარებულია შპს ტელეკომპანია პირველის დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი.

გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება. ამავდროულად, მზადყოფნას გამოვთქვამთ სრულად ვითანამშრომლოთ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან 30 ივნისს, მათ ტერიტორიაზე მომხდარი ფაქტის სრულყოფილად გამოძიების პროცესში. 

ვატო წერეთლის თქმით, მმართველი გუნდის რამდენიმე დეპუტატი აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე თავს დაესხა. მან ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ზარქუა, ბექა ოდიშარია და ლევან მგალობლიშვილი დაასახელა. 

ვატო წერეთელმა აშშ-ს ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს მიმართა და ძალადობის ამსახველი კადრების გასაჯაროება სთხოვა.  აშშ-ს საელჩოს განცხადებით, მათთვის ცნობილია დაპირისპირების შესახებ და ინფორმაციას სწავლობენ. 

თავად ქართული ოცნების დეპუტატი, ანრი ოხანაშვილი TV პირველის დამფუძნებელს "უბინძურეს პროვოკაციაში" ადანაშაულებს. ოხანაშვილი ამბობს, რომ წერეთელმა მას ყურში "უბინძურესი სიტყვები" უთხრა. ოცნების დეპუტატი არ უარყოფს, რომ ტელეკომპანია პირველის დამფუძნებელს დაარტყა, თუმცა ამტკიცებს, რომ მისი რეაქცია "პროპორციული და ადეკვატური" იყო. მმართველი პარტიის სხვა წევრები ძალადობას ამართლებენ და ამბობენ, რომ ოხანაშვილის ადგილას თავადაც მსგავსად მოიქცეოდნენ.

კომენტარები