თავდასხმა ვატო წერეთელზე

კობახიძე წერეთელზე: ვიცი რა ჩასჩურჩულა ოხანაშვილს, ლაშქარავას გვარი არ იყო ნახსენები

ვიცი მან რა თქვა და ყურში რა ჩასჩურჩულა [ვატო წერეთელმა] ანრი ოხანაშვილს, აქედან გამომდინარე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ როგორც პირველ, ასევე მეორე შემთხვევაში, მან თქვა ტყუილი. უბრალოდ, მეორე ტყუილი პირველისგან განსხვავებული იყო. პირველი - მან რეალურად უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა ანრი ოხანაშვილს, რასაც უარყოფდა თავიდან, შემდეგ მიხვდა, რომ მოუწევდა ამის გადათქმა, იმიტომ რომ ელემენტარულად შეიძლება კამერის ჩანაწერები არსებობდეს, სადაც პირდაპირ ჩანს, რომ პროვოკაცია მისი დაწყებულია. ამიტომ, მოუწია მას პირველი ტყუილის გადათქმა, მაგრამ მეორე შემთხვევაშიც თქვა ტყუილი, საერთოდ არ იყო იქ ნახსენები ლაშქარავას გვარი, იყო უმძიმესი შეურაცხყოფა მიყენებული, რასთან დაკავშირებითაც ეთიკის და კანონის ფარგლებში ანრი ოხანაშვილმა გასცა პასუხი.

ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია პირველის დამფუძნებლის, ვატო წერეთელის კომენტარს, რომ მან ოხანაშვილს გადაუჩურჩულა " ლაშქარავას სიკვდილი თქვენს კისერზე არის-მეთქი".

ვატო წერეთლის თქმით, მმართველი გუნდის რამდენიმე დეპუტატი აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე თავს დაესხა. მან ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ზარქუა, ბექა ოდიშარია და ლევან მგალობლიშვილი დაასახელა. ვატო წერეთელმა აშშ-ს ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს მიმართა და ძალადობის ამსახველი კადრების გასაჯაროება სთხოვა. 

კომენტარები