რუსული პროპაგანდა

"საქართველო მზადაა EU-სთან ურთიერთობა გაწყვიტოს" – რუსული მედია ოცნების განცხადებების შემდეგ

რუსული სამთავრობო მედია ქართული ოცნების ლიდერების განცხადებების საფუძველზე ამტკიცებს, რომ საქართველო მზად არის ევროკავშირზე უარი თქვას, თუ ის ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩაერევა. 

"მიზეზი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მორიგი მოწოდებაა. გარდა ამისა, დასავლეთი უკმაყოფილოა საქართველოს სურვილით, მიიღოს კანონი უცხოური აგენტების შესახებ".- აღნიშნულია სტატიაში. 

მასალა რამდენიმე თავადა არის გაყოფილი, ერთ-ერთი თავია "მშვიდობით ევროპა". 

ეს ნაწილი ევროპელი პარტნიორების განცხადებებს ეხება, რომლებიც ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისკენ მოუწოდებენ.

"თბილისი დასავლელი პარტნიორების მოწოდებების გათვალისწინებას არ ჩქარობს. როგორც მმართველი პარტია ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, "საქართველოს ხელისუფლება ქართული წესით ითამაშებს" და ხაზგასმით აღნიშნა: "თუ დასავლეთი აპირებს რესპუბლიკის შანტაჟს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსით, თავისთვის დაიტოვონ".

პარტიის სხვა წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მათი ქვეყნის მიმართ ყველა ბრალდება ეფუძნება სიცრუეს და დეზინფორმაციას - ფაქტობრივად, სააკაშვილს საუკეთესო პირობები შეექმნა საქართველოს ერთ-ერთ ციხეში".- აღნიშნულია სტატიაში. 

რუსული მედია ყურადღებას ივანიშვილის დეპუტატებსა და მათ მიერ ინიცირებულ "აგენტების" კანონზეც ამახვილებს. 

"სანამ ევროპელები ქართველებს სააკაშვილისთვის ლანძღავდნენ, ქართული ოცნების ოთხი ყოფილი დეპუტატი სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი, რომლებმაც შექმნეს საზოგადოებრივი მოძრაობა ხალხის ძალაუფლება, ამზადებდნენ კანონპროექტს უცხოური აგენტების შესახებ. ავტორები, მათივე სიტყვებით, ხელმძღვანელობდნენ შეერთებული შტატების და სხვა დემოკრატიული სახელმწიფოების კანონებით. კერძოდ, ყოფილი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ხალხმა უნდა იცოდეს პოლიტიკოსების, არაკომერციული ორგანიზაციებისა და მედიის შემოსავლის წყაროები, რომლებიც აყალიბებენ საზოგადოებრივ აზრს და მონაწილეობენ სახელმწიფო პოლიტიკის განხილვაში".- აღნიშნავს ავტორი. 

პროპაგანდისტული მედია წერს, რომ ქართული ოპოზიცია დასავლეთის კრიტიკაზე კიდევ უფრო შორს წავიდა და "ხალხის ძალა" დაადანაშაულა არა ამერიკული, არამედ რუსული კანონების კოპირებაში დემოკრატიული ინსტიტუტების ლიკვიდაციისა და დიქტატურის დამყარების მიზნით.

"მიუხედავად ამისა, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მის პარტიას ჯერ არ ჩამოუყალიბებია თავისი პოზიცია, მაგრამ პირადად ის არ არის ინიციატივის წინააღმდეგი. პოლიტიკოსი ირწმუნება: რეპრესიები არ იქნება, მაგრამ საზოგადოება უფრო გამჭვირვალე გახდება".- წერია სტატიაში. 

კრემლის მედიას მაგალითად ირაკლი ღარიბაშვილის მიერ "მეორე ფრონტის" შესახებ გაკეთებული განცხადებებიც მოჰყავს. ავტორის თქმით, ღარიბაშვილის აზრით, საქართველოს მიმართ პრეტენზიები ქვეყნის საომარ მოქმედებებში ჩართვის სურვილს უკავშირდება.

ასევე ყურადღება გამახვილებულია საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ ეკონომიკურ ზრდაზე გაკეთებულ განცხადებებზე და აღნიშნულია, რომ გასულ წელს რუსეთი იყო საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი. 

პროპაგანდისტული მედია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროივის განცხადებებსაც იხსენებს და აცხადებს, რომ "ლავროვი თბილისის პოზიციას გაბედულად მიიჩნევს". 

კომენტარები