იმპორტი

თამბაქო, კაკაო, ფქვილი – როგორ შეიცვალა უკრაინიდან იმპორტი ომის დაწყებიდან დღემდე?

იმპორტი

თამბაქო, კაკაო, ფქვილი – როგორ შეიცვალა უკრაინიდან იმპორტი ომის დაწყებიდან დღემდე?

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა ომმა როგორც რეგიონში, ასევე მსოფლიო ბაზრებზე ეკონომიკური ურთიერთობები და ლოგისტიკური რუკა შეცვალა, რამაც, ბუნებრივია, საქართველოსა და უკრაინის სავაჭრო ურთიერთობაზეც იქონია გავლენა. 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოს საგარეო სავაჭრო პარტნიორებს შორის უკრაინა 2.7%-იანი წილით, მეცხრე ადგილს იკავებს. საგარეო ვაჭრობის 2022 წლის წინასწარი მონაცემებით, უკრაინასთან სავაჭრო ბრუნვამ წლის მანძილზე $507 მილიონი შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით 33.2%-ით ნაკლებია. ამ პერიოდში საქართველომ უკრაინაში ექსპორტიდან $232 მილიონი მიიღო, ხოლო $278 მილიონის საქონელი შეიძინა.

უკრაინიდან შემოსული საქონელი მთლიანი იმპორტის მხოლოდ 2%-ს შეადგენს. საინტერესოა ისიც, რომ გასულ წელს მნიშვნელოვნად - 65%-ით შემცირდა თამბაქოს შემცველი პროდუქტის იმპორტი. 

TOP-10 პროდუქტი, რომელიც 2022 წელს უკრაინიდან შემოვიდა:

  1. მსუბუქი ავტომობილები - $24.1 მილიონი
  2. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $15.7 მილიონი
  3. სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისგან - $12.1 მილიონი
  4. კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები - $10.5 მილიონი
  5. შოკოლადი და კაკაოს შემცველი პროდუქტები - $10.3 მილიონი
  6. პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი - $7.5 მილიონი
  7. ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის - $7 მილიონი
  8. საცობები, ხუფები და სახურავები - $6 მილიონი
  9. ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან - $5.6 მილიონი
  10. საკონდიტრო ნაწარმი შაქრისაგან, რომლებიც არ შეიცავენ კაკაოს - $5.3 მილიონი

თავდაპირველად, რუსეთის უკრაინაში შეჭრამ საერთაშორისო ბაზრების პარალიზება გამოიწვია, გარდა იმისა, რომ რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა და პოლიტიკურმა პოზიციამ ენერგორესურსებზე ფასების რეკორდული ზრდა გამოიწვია, არანაკლებად მნიშვნელოვანი პრობლემები სწორედ უკრაინიდან შეჩერებულმა იმპორტმა წარმოშვა -  სხვადასხვა პროდუქტზე გაჩნდა დეფიციტი. ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში არსებულ კომპანიებს, უკრაინიდან ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო პროდუქციის ალტერნატიული ბაზრებით ჩანაცვლება მოუწიათ.

თამბაქოს ბაზარი - რომელმა ქვეყნებმა ჩაანაცვლეს უკრაინიდან იმპორტი?

მომხმარებლისთვის ყველაზე შესამჩნევი თამბაქოს დეფიციტი აღმოჩნდა, რადგან მასზე მოთხოვნა სხვა საქონელთან შედარებით მეტად არაელასტიურია. ომის გამო არაერთ პროდუქტზე შექმნილმა დეფიციტმა უმტკივნეულოდ ჩაიარა, რადგან მომხმარებლები მისი ალტერნატივით ჩანაცვლებას საკმაოდ მარტივად ახერხებენ, თუმცა, საქმე რთულდება მაშინ, როდესაც თამბაქოზე და კონკრეტული ბრენდის თამბაქოზე ვსაუბრობთ, რომლის სრულად ჩანაცვლებაც, ხშირად, მწეველებისთვის დიდ სირთულესთანაა დაკავშირებული და თითქმის შეუძლებელიც კია. ომის დაწყების შემდეგ, მარტში საქართველომ უკრაინული თამბაქოს დასაკომპენსირებლად მისი თურქეთიდან შემოტანა დაიწყო. 2022 წელს თურქეთიდან იმპორტირებულმა თამბაქომ თითქმის $47 მილიონი შეადგინა, რაც მთლიანი იმპორტის 36%-ია. უმსხვილესი საიმპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: 

  • თურქეთი - $47 მილიონი
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - $20 მილიონი
  • სომხეთი - $15 მილიონი

ის, თუ როგორ შეიცვალა თურქეთიდან იმპორტირებული თამბაქოს წილი, რიცხვებში კიდევ უფრო შთამბეჭდავია. საქსტატის მონაცემებით, 2021-დან 2022 წლამდე თურქეთიდან თამბაქოს იმპორტი 9 424%-ით გაიზარდა - თუკი 2021 წელს მთლიანი $101 მილიონიდან ანკარას წილი მხოლოდ $384 000 იყო და 0.3%-ს შეადგენდა, , 2022 წელს $130 მილიონიანი ვაჭრობიდან $47 მილიონი (36%) სწორედ თურქულ თამბაქოზე მოდის. 

რაც შეეხება უკრაინას, მიმდინარე ომმა თამბაქოს იმპორტზე პირდაპირი გავლენა იქონია. კერძოდ, 2022 წელს უკრაინიდან შემოტანილმა თამბაქომ მთლიანი იმპორტის მხოლოდ 9% შეადგინა, როდესაც 2021 წელს მისი პროცენტული წილი 77%-ს აღწევდა. 

თუკი სურათს თვეების მიხედვით შევხედავთ, განსაკუთრებით საინტერესოა ის, რომ თამბაქოს ყველაზე დიდი რაოდენობა უკრაინიდან სწორედ თებერვალსა და აპრილში შემოვიდა. ამის შესაძლო მიზეზი არსებული მარაგების ამოწურვა და წარმოებასთან დაკავშირებული პრობლემები შეიძლება იყოს - რეალურად, ომის დასაწყისში იმპორტიორებმა მარაგების დიდი რაოდენობა შეისყიდეს, ხოლო მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ომის დროს ლოგისტიკურ ნაწილზე არანაკლებ, და ზოგჯერ უფრო რთულიც, წარმოების პროცესის გაგრძელებაა. სავარაუდოდ, სწორედ ამ ფაქტორებმა განაპირობეს თამბაქოს იმპორტის უკრაინის ბაზრის ალტერნატიული ბაზრებით ჩანაცვლება ისეთი ქვეყნებიდან როგორებიცაა, თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და სომხეთი. 

ჯამში, საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს $130 მილიონის ღირებულების თამბაქო შემოვიდა, საიდანაც უკრაინისგან შესყიდული მხოლოდ $12 მილიონია. განსხვავებით 2021 წლისა, როდესაც იმპორტის $102 მილიონიდან დაახლოებით $80 მილიონი, კომპანიებმა სწორედ უკრაინელი ექსპორტიორებისგან შეისყიდეს. 

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე, თამბაქოს ბაზარი აღმოჩნდა ერთ-ერთი, რომლის კონფიგურაციაზეც ომმა ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა. ის, თუ როგორ შეიცვლება მომავალში საიმპორტო ქვეყნების პროცენტული წილი, ან დაუბრუნდებიან თუ არა ომის დასრულების შემდეგ კომპანიები უკრაინულ ბაზარს, ჯერჯერობით უცნობია და რაოდენობრივი შეფასებების გაკეთება ნაადრევია.

კომენტარები